კახა კალაძე: მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია

კახა კალაძე: მაღალი დონის შეხვედრები იმისთვისაა, რომ მეგობრებს ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრებისას ხაზი ესმება, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესი.

„ხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას. აუცილებელია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები იმისთვის, რომ ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებას ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და რამდენად რთულია ამ გზის გავლა, რაშიც ჩვენს ხალხს სჭირდება თანადგომა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე განახორციელა უმნიშვნელოვანესი რეფორმები.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რომელიმე ქვეყანა სტატუსის მიღებას იმსახურებდა, ეს საქართველოა. მოგვცეს 12-პუნქტიანი გზამკვლევი და სრული მზაობაა - კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, რომ აღნიშნული გეგმა ზედმიწევნით იყოს შესრულებული და დეკემბერში ქვეყანას სტატუსი მიანიჭონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.