მას შემდეგ, რაც ChatGPT უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი მწერლებს სრულიად ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს, ამ საკითხით Black Mirror-ის შემქმნელი ჩარლი ბრუკერი უკვე დაინტერესდა და ახლახან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩეტბოტს სერიალის სცენარის დაწერა სთხოვა.
"ამ ბოლო დროს ChatGPT-ით მეც ვერთობი. თუმცა პირველი, რაც ჩეტბოტს ვთხოვე, Black Mirror-ის ერთი სერიის სცენარის დაწერა იყო. ჩეტბოტის დაწერილი სცენარი, ერთი შეხედვით, დამაჯერებლად იკითხებოდა, მაგრამ მეორე ჯერზე მივხვდი, რომ სისულელე იყო", — ამბობს ჩარლი ბრუკერი.
სერიალის სცენარისტის თქმით, ჩეტბოტმა Black Mirror-ის ყველა ეპიზოდის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მოიძია და ისინი გააერთიანა, რათა ერთი სერიის სიუჟეტი მიეღო. "ჩეტბოტის სცენარს რომ უფრო სიღრმისეულად დავაკვირდი, მივხვდი, რომ იქ ორიგინალური არაფერი იყო", — დასძინა ბრუკერმა.
შეგახსნებთ, რომ Black Mirror მე-6 სეზონით 15 ივნისს ბრუნდება. ახლახან ნეტფლიქსმა სერიალის კიდევ ერთი ტრეილერი გამოუშვა და უკვე ცნობილია Black Mirror-ის მე-6 სეზონში მონაწილე მსახიობების ვინაობაც. შოუში ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც ბენ ბარნსი, სალმა ჰაიეკი, აარონ პოლი, ანჯანა ვასანი, ენი მერფი და ოდენ ტორნტონი არიან.