ყველა ვეტერანი სოლიდარულია

ყველა ვეტერანი სოლიდარულია

„თუ სამართალს ვერ ვიპოვით, ეს შეარცხვენს ყველა თქვენგანს, ყველას შეგრცხვებათ. ადამიანი, რომელსაც 20 ტყვია აქვს მოხვედრილი და 40-40 დღე გაგრის ტყეებში იყო დაკარგული, ერთი თვის თავზე სააპელაციო სასამართლოში რომ გამტყუნდება, მერწმუნეთ, ყველა ჟურნალისტს, რედაქტორს, საზოგადოებას შერცხვება,“ - აღნიშნა „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა ომის ვეტერანთა საქმესთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, იგი იწყებს მოძრაობას საქართველოში სამართლიანი გზით სამართლის საძიებრად. „თუ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართალი, მე იმ ასაკში და იმ ჯანმრთელობის არ ვარ, ტყუილად დავკარგო დრო ადვოკატებთან და ისინი შევაწუხო. ფიზიკურად უკვე აღარ მაქვს შესაძლებლობა, რომ ვინმე დავსაჯო, ამიტომ ამას სჯობია ლოცვა და ნატვრა, რომ ბოროტების გამო ბოროტს სამაგიერო მიეზღოს“.

 

ყარყარაშვილის აზრით, გასაგები იქნებოდა, რომ მოსამართლეს ვეტრანებისთვის 48-საათიანი პატიმრობა დაეკისრებინა. ისინი ხომ 22 ლარის გამო გამოწვეულ სიდუხჭირეს აპროტესტებდნენ, ამ დროს კი 400 ლარი დააკისრეს. „კაცი რომ გეტყვის, კი არ ვშიმშილობ, სახლშიც ამავე მდგომარეობაში ვარო, იმას 400 ლარი დააკისრო? - გაოცებას ვერ მალავს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი და ამ განაჩენის გამომტან მოსამართლეს უსულო საგნად მოიხსენიებს, რომელსაც ვეტერანთა სიდუხჭირემ თანაგრძნობის განცდა არ აღუძრა.

 

„საპარლამენტო ტრიბუნიდან მორალს უკითხავდნენ ვეტერანებს დეპუტატები და სხვადასხვა სახის ადამიანები. ერთმა ადამიანმა მაინც რომ გვითხრას, რა შეცდომა დაუშვეს ვეტერანებმა, მათი დანაშულის დადასტურების შემთხვევაში, ისინი მზად იქნებიან, სასჯელი მოიხადონ. ბოლოს და ბოლოს, ბინებს გაყიდიან და ამ ხარკს გადაიხდიან. დღესდღეობით კანონმორჩილი ადამიანები აღმოჩნდებიან კანონდამრღვევებად, რადგან 1 თვეში მოუწევთ ხარკის გადახდა. ალალმართალ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს, ფიზიკურად შეეხნენ დამსახურებულ ადამიანებს, მაღალი რანგის ოფიცრებს, რომლებმაც გულის სისხლი მიუძღვნეს სამშობლოსთვის მსახურებას,“ - აღნიშნა ყარყარაშვილმა.

 

მანვე ვეტერანთა მიმართ გამოხატული ცივი დამოკიდებულების გამო „ახალი რევოლუციის ავტორებად“ მოიხსენია დეპუტატები ვახტანგ ბალავაძე და ნუგზარ წიკლაური: „ვეტერანს რომ დააბრალო თავისი ძმის სურათის წაბილწვა, ამას მხოლოდ „ახალი რევოლუციის ავტორები“ მოახერხებდნენ.

 

2011 წლის 3 იანვარს გმირთა მემორიალთან ვეტარანთა მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლის საკითხი, შესაძლოა, სტრასბურგში განსახილველ საქმეთა რიცხვს მიეატოს. თუმცა, იმის გამო, რომ ევროპული სასამართლოს პროცედურები 4-5 წელი გრძელდება, ვეტერანთა დამცველი ადვოკატები და საერთაშორისო სამართლის იურისტები მეორე ინსტანციის განაჩენს ელოდებიან.

 

საერთაშორისო დონის ექსპერტებმა, მათ შორის, მინდია უგრეხელიძის მონაწილეობით, უკვე დადეს დასკვნა, რომელსაც საელჩოებსაც გადაუგზავნიან, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის 4 იანვრის პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება მხარეთა თანასწორობისა და მართლმსაჯულების პრინციპთა დარღვევად შეაფასეს. მათი აზრით, ევროპული პრეცენდენტის თანახმად, პროკურატურას ევალება გამოძიება ავტომატურად, დაზარალებულთა მხრიდან საჩივრის შეტანამდეც კი დაიწყოს, ვინაიდან არაადამიანური მოპყრობის ავტორები-პოლიციელები და შსს-ს სხვა წარმომადგენლები იდენტიფიცირებულნი არიან. 

 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე თადაშვილმა  სამშობლოსთვის თავდადებული ვეტერანები უკანონოდ ცნო ბრალეულად და მათ ავტომატურად შეუფარდა არაადექვატური სახდელი, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს ეწინაღმდეგება.

 

კერძოდ, მოსამართლის მიერ ორჯერ იქნა უარყოფილი დაცვის შუამდგოლობა, რომ საქმეს მტკიცებულებად  დართვოდა ტეკლეკომპანია „კავკასიის“ მოვლენათა ამსახველი უკომენტარო ვიდეოფირი, რომლიდანაც ჩანდა კონფლიქტის მიზეზები.

 

ნიშანდობლივია, რომ ვიდეოფირის გამოკვლევას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ პოლიციელები შემდეგ მიზეზთა გამო: „არ ვიცით, სრულად აჩვენებს თუ არა ინცინდენტს; არ ვიცით, დამონტაჟებული ხომ არ არის; არ ვიცით, ვისი გადაღებულია; ფირის ჩვენება რა საჭიროა, როცა ჩვენი ოქმები  კანონის დაცვით გვაქვს შედგენილი; დარწმუნებულნი არ ვართ, რომ აღნიშნულ დისკებზე სრული სურათი იქნება ასახული“.

 

ამასთან, სხდომის ოქმით დასტურდება, რომ როგორც დაკავებულები, ასევე, მოწმეები მიუთითებენ უფორმო პირთა მონაწილეობაზე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მოსამართლეს ამ უფორმო ადამიანების საკითხი არ გამოუკვლევია. საქმის შესაბამისი გარემოებების შესწავლის გარეშე მოსამართლემ დადასტურებულად ცნო, თითქოს აქციის მონაწილეებმა  წვრილმანი ხულიგნობა  და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ჩაიდინეს. თვით აქციის დაშლის ფაქტი კი მოსამართლის მიერ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული, რაც კვალიფიცირდება, როგორც მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, რაც არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს.

 

იურისტები იმასაც აპროტესტებენ, რომ სასამართლო სხდომა პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა წარიმართა. 25-30 კვ.მ. ფართობის ე.წ. სამორგეო დარბაზში მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობა, ვეტერანები, ადვოკატები და პოლიციელები მოთავსდნენ, ხოლო საზოგადოება ვერ დაეტია. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა მოსამართლეს დახურულად არ გამოუცხადებია (რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა), მოსამართლესა და სასამართლოს ადმინისტრაციას  ისეთი დარბაზის შერჩევა ევალებოდა, სადაც მისული საზოგადოება მართლმსაჯულებას უშუალოდ ადევნებდა თვალს. ასეთია იურისპრუდენციის ექსპერტთა დასკვნა. 

 

საერთაშორისო დონის ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სტრასბურგში ამ საქმეს 100 %-იანი პერსპექტივა ექნება. როგორც ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა,  სააკაშვილიდან დაწყებული, კონკრეტული მოსამართლით დავამთავრებული, ამ ადამიანებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. ასე მოხდა ბელორუსიის პრეზიდენტისა და მოსამართლეების შემთხვევაში და მათ ბელორუსიის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

 

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, მინდია უგრეხელიძის განმარტებით, ვეტერანთა მიმართებით დაირღვა ადამიანის უფლებათა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამართალი. „ეს ის თემაა, რომელიც ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ უკავშირდება. ეს არის ადამიანური განცდა, ძალიან ღრმა, ამავე დროს, ქართველი კაცის პატრიოტული განცდა, რომ დაფასდეს ისეთი ფაქიზად მოსავლელი ღირებულება, რასაც ჰქვია ადამიანის ღირსება. მით უმეტეს, სამშობლოსთვის თავდადებული ხალხის ღირსება. ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა, მსოფლიოში ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება,“ - აცხადებს მინდია უგრეხელიძე პრესაჯი.ტვ-სთან კომენტირებისას.

 

ადვოკატი და ომის ვეტერანი ელგუჯა ჩხაიძე პრესაჯი.ტვ-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვეტერანები 400-ლარიან ჯარიმას არ გადაიხდიან. 

 

- 14 იანვარს შევიტანეთ სააპელაციო სარჩელი და პასუხს ველოდებით. თუ დადებითი პასუხი არ მივიღეთ და სააპელაციომ არ გამოასწორა პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომები, რაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა და საქართველოში ცნობილმა იურისტებმაც დაგვიდასტურეს, ევროსასამართლოს მივმართავთ. ჩვენი საბუთებიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გავემართლებინეთ.

 

გვინდა, გაითვალისწინოს სააპელაციო სასამართლომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რამის დათმობას, ვეტერანები 400 ლარის გადახდას არ აპირებენ. ჯერ ერთი, არ აქვთ და მეორე, შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რომ ასეთ ღვაწლმოსილ ადამიანებს ასე მოექცნენ. ისინი მარტო  1992 -1993 წლის ომის ვეტერანები კი არ არიან, არამედ 2008 წლის მონაწილეებიც არიან, ამერიკაშიც აქვთ სპეციალური სკოლები გავლილი. მაღალი ჩინის ოფიცრები, პოლკოვნიკები გახლავან, ერაყში არიან ნამყოფები. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა აქვთ მიღებული. ასეთი ადამიანების გამოყვანა წვრილმან ხულიგნებად, უბრალოდ შეურაცხყოფაა.

 

სულით მებრძოლი ხალხი  ვართ და ამას ასე არ დავთმობთ. ვთვლით, რომ სახელმწიფომ ჩვენს მიმართ დაარღვია კანონები. კონსტიტუციის 25-ე მუხლი, გამოხატვის უფლება, პოლიციის შესახებ კანონის 28-ე მუხლი, სადაც ფორმიანები უნდა ყოფილიყვნენ და არ ჰქონდათ უფლება, უფორმოდ მოსულიყვნენ და დოკუმენტი არ წარმოედგინათ. დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-4 და მე-11 მუხლები, საერაშორისო ევროპული  კონვენციის  მე-11 მუხლი გამოხატვის უფლებების შესახებ. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ხელისუფლება დამნაშავეა. ამასთან, აქციის შსახებ ჩვენ წინასწარ ვაცნობეთ ქალაქის მერიას, გამგეობას.

 

იქ შესაბამისი პროცედურები დაგიწესეს, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები არ უნდა ყოფილიყო?

-  დიახ, მერიამ მოგვწერა პასუხი, თუ თქვენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის ამა და ამ მუხლებს არ დაარღვევთ, თქვენი აქცია ოფიციალურად კანონიერად ჩაითვლება. არცერთი მუხლი არ დაგვირღვევია, რადგან ჩვენ კონტროლის ქვეშ ვიყავით, მონიტორინგს გვიწევდა სახალხო დამცველი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მეტიც, საელჩოებსაც კი მივწერეთ და ვუთხარით, აი, შეგვხედეთ, რომ კანონს არ დავარღვევთ. ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა აღნიშნა კიდეც, ორი დღე მონიტორინგს ვაწარმოებდი, ამ ხალხს ვუყურებდი და არაფერს აშავებდნენო.

 

უბრალოდ, ვიღაცას უნდოდა, იქ ჩხუბი მომხდარიყო. პოლიციას, რომელიც პირველად მოვიდა და კარვების აღება მოგვთხოვა, პირადად შევხვდი. თვითონ ეს მოთხოვნა იყო უკანონო, რადგან სამართლებრივად, კანონის თანახმად, ჩვენთან უნდა მოსულიყო მერიის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელი და დაეფიქსირებინა, თუ რაიმე სამართალდარღვევა იქნებოდა. ასეთი რამ არ ყოფილა. თუ ნახავდა, სამართალდარღვევას, უნდა მიეთითებინა ჩვენთვის და, თუ არ შევასრულებდით, მერე უნდა დაერეკათ და საქმის კურსში პოლიცია ჩაეყენებინათ. აქ ადგილობრივი თვითმართველობა საერთოდ არ გაგვკარებია და პირდაპირ პოლიცია მოვიდა. ვისი ბრძანებით მოვიდა, არ ამბობდნენ, რა ბრძანება ჰქონდათ, არ გვითხრეს, უბრალოდ გვითხრეს, უნდა შეწყვიტოთ აქციები და წახვიდეთ აქედან. -

ამასთან, შესაბამისი სამსახურები მიმდებარე ტერიტორიას შეგნებულად არ ასუფთავებდნენ, რათა ვეტერანები მემორიალის წაბილწვაში დაედანაშაულებინათ.

 

ჩვენს დარბევამდე ერთი საათით ადრე  პრეზიდენტის ექსკორტმა ჩამოიარა და სვლა შეანელა, ფანჯრები ჩაწია, დაათვალიერა ის ადგილი და წავიდა. იქ მდგარმა მაღალი ჩინის ოფიცრებმა ეს საეჭვოდ მიიჩნიეს, რადგან  არ შეიძლება, ესკორტმა სვლა შეანელოს. ამ დროს, პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ეს კარავი და ხალხი არ მოეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარსარდალია, უნდა ჩამოსულიყო და ეკითხა, ბიჭები, რა გიჭირთ, მე თქვენი მთავარსარდალი ვარ და თქვენ ჩემი ჯარისკაცები ხართო. ამის მაგივრად, ბრძანება გასცა, აყარეთ ესენი, აქ არ დავინახოო.

 

დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ამ ადგილის წაბილწვის უფლება არავის ჰქონდა.

- იცით, სახელმწიფოსა და ქვეყანაში რამდენი უნამუსო ადამიანი რამეს იტყვის, ძალიან ძნელია, ყველას პასუხი გასცე. ის ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ იქ სარიტუალო ბატალიონის წარმომადგენელი მუდმივი საპატიო ყარაული დგას, რომელსაც უკან მთელი ინფრასტრუქტურა მოჰყვება. იქ არის დასაძინებელი, დასასვენებელი ოთახი, სადაც ჩაის იდუღებენ, სველი წერტილი და ჰიგიენური დაცვის ყველა ნორმა. წიკლაურმა და მისმა მსგავსებმა ეს იმიტომ განაცხადეს, რომ როგორც ჩანს, თვითონ არ არიან იქ ნამყოფნი და საერთოდ არ აინტერსებთ ვეტერანები. არ გაუხედიათ იქ, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ იმ ადგილას გარკვეული ინფრასტრუქტურაა აშენებული.

 

ვეტერანებისთის ეგ იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. არა მგონია, ამაზე დიდი შეურაცხყოფა ადამიანს მიაყენო, რადგან ის ადამიანები, ვისი სახელები და გვარებიც იქ წერია, ჩვენს გვერდით დაღუპული ბიჭები არიან. როგორ, გამოდის, იმ ბიჭებს  წიკლაური სცემს პატივს და ჩემს გვერდში დაღუპულ მეომარს მე არ ვცემ პატივს? წიკლაური რომ მასწავლის ასეთ რამეს? არ აქვს მას უფლება, მე მიმითითოს.

 

ერთმა ვეტერანმა მითხრა, ზუსტად იქ განვაახლებთ აქციას, საიდანაც აგვყარესო.

-  მართალი გითხრათ, ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ერთი რამ ვიცი, რომ კანონიერი და სამართლებრივი გზით ბრძოლას ვაპირებთ. გვინდა, მთელ საქართველოს ვუთხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ომის ვეტერანი იარაღთან აღიქმება, ჩვენი იარაღი არის სამართალი და კანონი, რასაც არ გადავაბიჯებთ. ვთხოვთ სახალხო დამცველს, ევროპის სასამართლოს, არასამთავრობოებს, გაგვაკონტროლონ, რომ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი უფლებებისთის იბრძოლოს.

 

ამ ფაქტის მიუხედავად, ხელისუფლებამ რომ დაგიძახოთ, ისევ აპირებთ ვეტერანები საომარ ვითარებაში მონაწილეობის მიღებას?

- აუცილებლად. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს ვუყურებთ და არა იმას, ხელისუფლებაში ვინ არის. ჩვენს უკან დგას სამშობლო, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ მაშინ, როცა 18-20 წლის ბიჭები ვიყავით. ხელისუფლების არასწორ საქციელს არანაირად არ ვუკავშირებთ სამშობლოს დაცვას. სამშობლო არის უწმინდესი და ყველაზე დიდი გრძნობა ვეტერანისთის.

 

რატომ მაინცდამაინც მემორიალი, სხვა არჩევანი არ გქონდათ?

- ახალი წელი მოდიოდა. არ გვინდოდა, ხელი შეგვეშალა სხვებისთვის, ბავშვები გამოვიდოდნენ, კონცერტზე წავიდოდნენ, რუსთაველზე მივიდოდნენ. თვალებში ვერ შევეჩხირებოდით, ამიტომ  ეს ერთადერთი ადგილი ვარჩიეთ. სადაც შეგვეძლო მივსულიყავით, ეს ჩვენი დაღუპული მეგობრების მემორიალი იყო.

 

ვეტერანები მიიჩნევენ, რომ გამოძიება იმ საკითხით კი არ უნდა ინტერესდებოდეს, გადაყრილი ფოტოები ვეტერანებს ვინ მიუტანა და მათი დაუფასებლობის შესახებ ვინ აცნობა, არამედ იმით, თუ ვინ დაარბია ვეტერანები.

- ჩვენი მეგობრების სურათები ნაგავში გადაყრილი ვიპოვეთ. ეს ის  სურათებია, რომლებიც კედელზე იყო გაკრული და ყველა ჯარისკაცს ეუბნებოდნენ, რომ ესენი არიან გმირები. ამ გმირობის მაგალითზე იზრდებოდა ჯარისკაცი დღემდე. ეს სურათები ჩამოხსნეს, ჩაიტანეს სარდაფში და ნაგავში გადაყარეს. ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც იქ მუშაობს, მოიპოვა ეს სურათები, წამოიღო, გაწმინდა, ჩარჩო შეღება, გაასუფთავა და მოგვიტანა. ეს იყო შეურაცხყოფის ბოლო წერტილი, რომელიც ვეღარ მოვითმინეთ. ეს არაა გარდაცვლილის შეურაცხყოფა. გარდაცვლილი ჩვენ არაფერს გვთხოვს, ის უკვე წასულია ამ ქვეყნიდან და მას არაფერი სჭირდება. ეს სურათები, იდეოლოგია, მემორიალური დაფა ჩვენ გვჭირდება, ჩვენს ახალგაზრდობას.

 

საზოგადოებას ერთმანეთთან სოლიდარობის განცდა ნაკლებად აქვს. ვეტერანები თუ არიან სოლიდარულნი, რომ მხარში დაგიდგნენ?

-  ყველა ვეტერანი სოლიდარულია. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია რომ წამოვიწყეთ, საქართველოში არსებულ ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების თითქმის ყველა წარმომადგენელი მოვიდა.

 

თქენ არ გინდოდათ, რომ პროტესტი პოლიტიკურ აქციაში გადაზრდილიყო, ალბათ ამიტომაც არ მიიღეთ პოლიტიკოსები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნელ-ნელა შეიძლება პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდოს?

- არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკაში ყოფნასა და პოლიტიკოსობას. არც  პოლიტიკურ პარტიას ვაკეთებთ და ხელისუფლებაში მოსვლასაც არ ვგეგმავთ.