გუშინწინ გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები - ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ზეპირად იცის, თუ რას ნიშნავს რუსეთი და მისი საგარეო პოლიტიკა.
„ჩვენ გუშინწინ ვნახეთ პრემიერ-მინისტრის განცხადების მანიპულაცია, თუ როგორ მოხდა შიდა და გარე ქსელის აქტორების მიერ, თითქოს ეს ნიშნავდა ნატო-ზე უარის თქმას და ნატო-ზე რაღაცის დაბრალებას. ზუსტად მეორე დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა და ზუსტად იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რომ რუსეთმა აგრესია უკრაინაზე იმიტომ მოახდინა, ვინაიდან უკრაინამ ევროპული მომავალი აირჩიაო. და აქ რამე ახალი არის? ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩვენი სუვერენული არჩევანის გამო არის ის, რატომაც აგრესიის სამიზნე რუსეთის მხრიდან ბოლო 30 წელია ვართ. გუშინწინ გამოდგნენ სავარძელზე წამოწოლილი უცხოელი ე.წ. ექსპერტები და საქართველოს, მის ხალხს და ხელისუფლებას ჭკუას ასწავლიან, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ რუსეთის ქმედებები. ჩვენ, ვინც ზეპირად ვიცით აგრესიის 30 წელი და 200 წელი რუსეთის მხრიდან ოკუპაციის, ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს რუსეთი, მისი საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ამიტომ ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომელსაც საქართველოზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს და ბოლო წლებია საქართველოში ნამყოფებიც კი არ არიან და ერთადერთი მათი ინფორმაცია არის ერთი-ორი მესიჯი, რომელსაც ისინი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებენ, ეს არის სწორედ, რაც სამწუხაროდ გარკვეულ აღქმებს ქმნის და რა თქმა უნდა, ეს აღქმები შემდეგ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. ჩვენ ეს ვნახეთ შარშან ივლისში, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცა და შემდეგ, რომ ვეკითხებოდით რა იყო საფუძველი, ვერც ხსნიან ამას. საბოლოო ჯამში, იანვარში, როდესაც სამივე ქვეყნის ანალიზი გაკეთდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შეფასებებით საქართველოს ყველანაირად კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა. ახალა შეხვედრებზე სხვადასხვა დედაქალაქში გვეუბნებიან, რომ კი შეცდომა იყო, ვერ აგვიხსნეს რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. იმიტომაც არ მოგვცეს, რომ ასეთი აღქმები შექმნეს. სამწუხაროდ, ამ აღქმების გავლენის ქვეშ სხვადასხვა ლიდერები მოექცა, ვგულისხმობ ევროპული ქვეყნების ლიდერებს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც შემდეგ ვეღარც ხსნიდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.