პოეტები მუცოს გადასარჩენად

პოეტები მუცოს გადასარჩენად

შუასაუკუნეებისდროინდელი ციხე-ქალაქის მუცოს აღდგენა-რეაბილიტაციის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და, სპეციალისტებმა ეს პროექტი საკმაოდ რეალურ ამბად მიიჩნიეს.

 

მართალია რიგითი ტურისტისთვის სრულიად წარმოუდგენელია იმ ნაშალი ქვების გამოყენებით იდენტური ციხე-კოშკების აშენება, მაგრამ არქიტექტორები და რესტავრატორები უკვე მრავალი წელია ამ საკითხზე მუშაობენ.

 

ამ იდეის მხარდასაჭერად და საზოგადოებისათვის (უფრო კი უცხოელი ვიზიტორების) მის გასაცნობად მუცოელმა პოეტმა გელა დაიაურმა და კომპანია “თებულო ტურმა" გუდაურში ხევსურული საღამოს გამართეს.

 

საღამოს მუცოელი პოეტი გელა დაიაური წაუძღვა და მსმენელებს ამ კუთხის ფოლკლორი და ტრადიციები ხევსურმა მომღერლებმა, ანსამბლებმა და პოეტებმა შეახსენეს: მომღერალი შუქია ქეთელაური, დები ზვიადაურები, მოცეკვავე და-ძმა არაბულები, პოეტები ირაკლი ჭინჭარაული და მერაბ არაბული, ასევე ანსამბლები “გორდელა", “ფიცვერცხლი", “ანანური", დუეტი “სიმი" თიანეთიდან და დები ნაყეურები – ფშავიდან, ყაზბეგელი პოეტი თენგიზ ავსაჯანიშვილი და “ჯეოსტარელები“ ნინო ბაშარული და დიტო ქისიშვილი.  

 

სპეციალურად ამ საღამოსთვის დამზადდა ხევსურული ლუდი, რომელს დაგემოვნების საშუალება გუდაურში ასულ ყველა სტუმარს შეეძლო. აქვე გაიმართა ხევსურული რეწვის შუასაუკუნეებისდროინდელი ნიმუშების გამოფენა, რომელსაც კორშის მუზეუმიდან მისმა დირექტორმა, მხატვარმა შოთა არაბულმა წარადგინა სტუმრების წინაშე.