ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დელეგაცია, უწყების უფროსის ლევან კაკავას ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქევინ ქარლანდსა და ამავე დეპარტამენტის ვაჭრობის აღსრულების, მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლებს.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში გაწეული ღონისძიებები და შემოსავლების სამსახურთან წარმატებული თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ხანგრძლივ და უწყვეტ მხარდაჭერას საბაჟო სისტემის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე.