მწერალთა კავშირში 30-იანი წლები მოენატრათ

მწერალთა კავშირში 30-იანი წლები მოენატრათ


 


ბოლო ხანებში დიდი აჟიოტაჟი და დაპირისპირებაა ატეხილი მწერალთა კავშირში რამოდენიმე სხვადასხვა ჯგუფს შორის. დაიწყო ურთიერთბრალდებების, დაბეზღების და სხვათა ის კამპანია, რომელსაც, კარგა ხანია, შეჩვეულნი ვართ სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების მხრიდან. ახლა, ამ გაუგებარ სერიალებს  მწერლებიც დაემატნენ.

დიდი ალბათობაა, რომ მწერალთა კავშირში მიმდინარე კონფლიქტი სასამართლომდე მივიდეს, სადაც, ალბათ მე ვიქნები ქ-ნი ვერა ზამთარაძის წარმომადგენელი. ასე რომ, ჯერ ერთი, სრული უფლება მაქვს ვიმოქმედო მისი სახელით პრესასთან, მეორეც - კონფლიქტზე მინდა ვისაუბრო იმ კუთხით, რა კუთხითაც ის ვერა ზამთარაძეს ეხება.

თვითონ კონფლიქტი დაიწყო იმით, რომ მწერალთა კავშირის გამომცემლობა “ეროვნულმა მწერლობამ“ გამოსცა უახლესი ქართული პოეზიისა და პროზის ანთოლოგია. ერთი - პოეზიის და მეორე (ორტომეული) - პროზის.

საქართველოს მწერალთა კავშირს დაახლოებით 500 წევრი ჰყავს. ბუნებრივია, ზოგი მწერლის თუ პოეტის რჩეული ნაწარმოები ვერ მოხვდა ანთოლოგიაში, ამან მწერალთა ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია, თუმცა, ერთი ან ორი ტომი, როგორიც არ უნდა ყოვლისმომცველი ყოფილიყო, ვერ დაიტევდა ქართველი მწერლების მთელ შემოქმედებას (და მთელ ამბიციებს)

პირველი ბზარი ანთოლოგიის სარედაქციო კოლეგიაში 2010  წლის ივლისის დასწყისში გაჩნდა - პროზის ანთოლოგიის მზადების პროცესში, როცა ანთოლოგიის რედკოლეგია და გამომცემლობა დატოვეს ზ. თორიამ და ნ. კობიაშვილმა. მიზეზი იყო  შემდგენელთა დიდი  ჯგუფის ხედვა - ეს ჯგუფი თვლიდა, რომ ახალგაზრდა მწერლების შეძლებისდაგვარად წარმოდგენა იყო საჭირო. ჯერ ერთი, იმის ნიშნად, რომ კულტურულ ცხოვრებას საქართველოში სიკვდილი არ ემუქრება, მეორეც - ერთგვარი  წამახალისებელი ღონისძიება იქნებოდა შემოქმედი ახალგაზრდებისათვის. თორიას და კობიაშვილს ეს მიდგომა არ მიაჩნდათ სწორად.პროტესტი მათ სარედაქციო კოლეგიის დატოვებით გამოხატეს. (ეს საკითხი რომ დავაკონკრეტოთ, საუბარია ახალგაზრდა ხელოვანთა სალონზე, რომელიც არსებობს ჟურნალ “ლიტერატურა და ხელოვნებასთან“ (ხელმძ. ვერა ზამთარაძე) “პროზის ანთოლოგიაში“ ამ სალონის 11 წევრია წარმოდგენილი 126 ავტორიდან).

მკითხველი იფიქრებს - ეს კონფლიქტი გაგრძელდა პრესაში იმ ფორმით, რომ ანთოლოგიის კრიტიკა დაწერეს იმ პირებმა, ვინც კოლეგია მიატოვა, დაიწყო პოლემიკა კრებულის გარშემო, კრებულს გარეთ დარჩენილ მწერალთა შეფასება, მოკლედ - მტყუან-მართლის გარჩევა მოხდა იმ ფორმით, რაც მიღებულია ამდაგვარ სიტუაციაში...

მსგავსი არაფერი მომხდარა.“საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა ორი პასკვილი: ”საქართველოს რესპუბლიკა”, 2010-11-27 - ”იმის გამო...” (ავტ.ზ.თორია) და ”საქართველოს რესპუბლიკა”, 2010-12-04 – ”მწერალთა გამომცემლობა კი არა, ოთარაშვილის ბიზნეს-კანტორა!” (ავტ. ნ.კობიაშვილი) სადაც, (გაზეთ”კომუნისტისათვის “დამახასიათებელი ობიექტურობით) ყურადღება გადატანილი იყო ბ-ნ ვაჟა ოთარაშვილის ქცევაზე, მის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევაზე, ქაღალდის ზიდვაზე, მაცივარსა და წყლის შენახვის წესებზე და სხვა (მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი ეთმობოდა იმავე ბ-ნ. ოთარაშვილის ორიოდე ლექსის ფრაგმენტის “შეფასებას“) ერთი სიტყვით, ეს წერილები ჭორაობისა და ლანძღვა-გინების მოყვარულებისათვის ძვირფასი შენაძენი გახლდათ, რასაც ვერ ვიტყვით პოეზიისა და პროზის მოყვარულებზე.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სერიოზული ყურადღების ღირსი და მსუბუქ სევდანარევ ხუმრობას გამოიწვევდა მხოლოდ,მაგრამ ამ ორ პასკვილს მიზნად ჰქონდა არა ქართულ მწერლობაზე ზრუნვა, არამედ ბ-ნი ოთარაშვილის შეურაცხყოფა და დისკრედიტაცია, ერთგვარი კამპანიური ხასიათის მიცემა ამ პროცესისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, ავტორთა ზურგს უკან დაიგეგმა და ეს ხალხი ბრმა (ან, შესაძლოა, არც ისე ბრმა) იარაღად იქნა გამოყენებული. სხვა აბა რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ 29 დეკემბერს მწერალთა კავშირის გამგეობამ ბ-ნი ოთარაშვილი ჩამოაშორა გამომცემლობა “ქართულ მწერლობას“, ხოლო შემდეგ დაიწყო ჩვენში უკვე ტრადიციად ქცეული კითხვა-პასუხი - „სად წავიდა,მე რომ ფული მოგეცი“ და “პროკურატურა გაარკვევს“ ტიპის მიმოწერა, რაც, გამოგიტყდებით, არც მაინცდამაინც საინტერესოა და თუ დროზე არ მორჩა, შესაძლოა, სერიოზულად გაუტეხოს სახელი მწერლებსაც და მათ კავშირსაც. თქვენი მორჩილი მონაც არ წაიკითხავდა და არ დაინტერესდებოდა ქართველ მწერალთა მთელ ამ ეპისტოლარულ-კომერციული ჟანრის  ნაწარმოებებით, მათში რომ არ იყოს ინსინუაცია ქ-ნი ვერა ზამთარაძის წინააღმდეგ.

სანამ ჩვენს საუბარს განვაგრძობდეთ, მოგვყავს მიმართვის ტექსტი, რომელიც ქ-ნ ვერა ზამთარაძემ გაავრცელა ა.წ.13 იანვარს:

”ბოლო ხანებში მწერალთა კავშირის წევრთა ერთი ინტერეს-ჯგუფი ათას ცილისწამებას ავრცელებს ჩემი მისამართით. „ჯილა ქალბატონ ვერა ზამთარაძესთან“, „ინტიმური თანადირექტორი, ვინმე ვერა (მოფერებით ვერო) ზამთარაძე” - აი, ის „მარგალიტები“, რომლებსაც მიწოდებენ პრესის ფურცლებიდან  ჩემს მიერ უკვე აღნიშნული ინტერეს-ჯგუფის წარმომადგენლები. თუმცა, მათ მშვენივრად მოეხსენებათ, რომ არც ფინანსურად და არც რეალურად მე არ მქონია ის ძალაუფლება, რომელიც საჭირო იქნებოდა გამომცემლობა „ეროვნული მწერლობის“ წინაშე მდგარი ამოცანების და ფინანსური, ან საგამომცემლო პრობლემატიკის ერთპიროვნულად გადასაწყვეტად.

მინდა, ქართულ საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა შემდეგი: ვარ ადამიანი, ვარ დედა და არ დავუშვებ ამ ტიპის დაუმსახურებელ პასკვილებს და დაუსაბუთებელ, ლიტონ განცხადებებს ჩემი მისამართით. ამასთან, მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ბინძური ცილისწამებისაგან ჩემი პირადი ცხოვრების თაობაზე. მე პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან და საკუთარ შვილთან, ამიტომ ამ ცილისწამების გაგრძელების შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმართო სასამართლოს, ჩემი რეპუტაციის შემლახველი პასკვილების როგორც ავტორების,ასევე გამავრცელებლების კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე”.

ამ განცხადების კომენტარი არ არის ჩვენი ამოცანა, ასევე, არ გვინდა, დავიწყოთ დეტალური ანალიზი ამ ბინძური კამპანიისა, სადაც ვერა ზამთარაძის სახელის მიტმასნება აბსოლუტურად ხელოვნურად მოხდა. ის ხელს არ აწერდა ფინანსურ დოკუმენტებს, არ ერეოდა გამომცემლობის არავითარ საქმიანობაში გარდა რედაქციული  და ტექნიკური ხასიათის პრობლემებისა, მაგრამ რედაქტორობა ძალიან რთულია საქართველოში, მითუმეტეს, როცა ყველა ქართველი პოეტია. თუმცა,სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე არც ჩვენ, და არც ლიტერატურის მოყვარულ საზოგადოებას.

ჯერ ერთი, ადამიანის რეპუტაციის ხელყოფა და პიროვნების შეურაცხყოფაა მიუღებელი (პირდაპირ უნდა ითქვას, გულისამრევია ამდაგვარი ლექსიკა და ის ინტერესებიც, რაც ამ ლექსიკის უკან დგას)

მეორე - როგორც ჩანს, ამ (და ალბათ არამარტო ამ) ხალხს თავი კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან დაცული ჰგონია

დაბოლოს, სრულიად ალოგიკურია იმ ეპითეტების (რომლითაც ქ-ნ ვერას  მოიხსენიებენ მოწინააღმდეგეები) კავშირი მწერლებს შორის დაპირისპირების ნამდვილ თუ ნამდვილის გადასაფარად მოგონილ მიზნებთან. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართული მწერლობის ტრადიციებში არ ზის ქალის შეურაცხყოფა საერთოდ და, მითუმეტეს - საჯაროდ და ამ ფორმით.

პოლემიკა ისეთი რამაა, ხანდახან მწვავე გამოთქმებსაც არ მოერიდება კაცი - იტყვის საქმეში ჩაუხედავი მკითხველი. მითუმეტეს, ლიტერატურული კამათის დროს... არა, ბატონო, მეც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე ილიასა და ბარბარე ჯორჯაძის პოლემიკას, გრიგოლ ორბელიანისა და ილიას მომხრეთა  დაპირისპირების მასალებს, გალაქტიონისა და ცისფერყანწელების ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებს, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის კამათის მასალებს მაშინდელი პრესის ფურცლებზე...

ეს რა უბედურება სჭირს თანამედროვე ქართულ მწერლობასა თუ საზოგადოებას, დაუსაბუთებელი ლანძღვითა და კინტოებისათვის დამახასიათებელი არგუმენტაციით რომ ცდილობენ მავანნი თავისი პოზიციის გამყარებას! ნუთუ, ვერ ხვდებიან,რომ თვითონ ისვრებიან ტალახში ამ ტიპის წერილებით? იქნებ, მართლა პოეტურ თუ სამწერლობო ხასიათის არგუმენტებზე ჩამოყალიბებულიყო ორივე მხარე?

არა! კონფლიქტი არ არის ლიტერატურულ მიმდინარეობებს შორის, კონფლიქტი არ დაწყებულა ლიტერატურულ ნიადაგზე და, შესაბამისად, კამათის წარმართვა ამ მიმართულებით არავის სჭირდებოდა. მთავარი ინტერესები იყო (როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა) კომერციული ხასიათის და, ამგვარად, ინტერეს-ჯგუფის არგუმენტაციაც უნდა ყოფილიყო მიმართული ბიზნეს-სამყაროს კატეგორიებით მოაზროვნე მკითხველის გულის მოსაგებად, და არა იმ მკითხველისაკენ, რომელიც ასობით ლექსს კითხულობს იმ იმედით, იქნებ ორიოდე ნორმალურ ან კარგ ლექსს წავაწყდეო...