”რომ შენსავით მოვეფერო თბილისს...”

”რომ შენსავით მოვეფერო თბილისს...”

თბილისი გამორჩეული თემაა კახა ცაბაძის შემოქმედებაში. მისი როგორც კომპოზიტორის პირველი სახალხო ნათლობა 19 წლის ასაკში მეტეხის პლატოზე ღია სცენაზე ”ორერას” კონცერტებისას შედგა. ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებულმა ”ყვავილების მიწამ” იმთავითვე მოიპოვა პოპულარობა.

 

შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით ამ სიმღერას მოჰყვა თბილისის თემაზე შექმნილი არაერთი ნაწარმოები: ”ალიონზე გამიღიმა თბილისმა”, ”თბილისური დილა”, ”სიმღერებით შემოვივლი თბილისს”...

მართლაც რთული იყო ბატონი კახასთვის გაეგრძელებინა მამამისის, ქართველი კლასიკოსის გიორგი ცაბაძისეული გზა ისე რომ, როგორც შემოქმედს, საზოგადოებისთვის თავისი სათქმელი ეთქვა.

 

ამ რთულ ამოცანას მან პირნათლად გაართვა თავი, კახა ცაბაძემ შესძლო თავისი ინდივიდუალიზმის წარმოჩინება. მან დაამკვიდრა სრულიად განსხვავებული ინტონაციები, შექმნა ისეთი მუსიკა, რომლითაც იპოვა საკუთარი ნიშა უკიდეგანო მუსიკალურ სამყაროში. ყველაფერი კი სიყვარულით დაიწყო, სამშობლოსა და თბილისისადმი უსაზღვრო სიყვარულით...

 

კახა ცაბაძე: თბილისი ჩემთვის უპირველესად დიდი სიკეთის ქალაქია, ქალაქი, რომელსაც დიდი უცნაურობა ახასიათებს. ამდენი ხალხი ცხოვრობს აქ და მიუხედავად ამისა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველამ ვიცით ვინ რითი სუნთქავს, ზოგჯერ რაღაც ამბავი გავრცელდება, ადვილად ვხვდებით რა არის ჭორი და რა არის სიმართლე. თვითონ თბილისი არეგულირებს ურთიერთობებს,  თბილისი არის ის ქალაქი, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს. ყველა პირობას გიქმნის სწორად იცხოვრო. თუ ამ პირობებს ვერ გამოიყენებ, მერე აღარ დაგინდობს. ეს ქალაქი ცოცხალი ორგანიზმივითაა, ხალხი ქმნის ამ სულს, ისეთი განცდა მაქვს, რომ თბილისში შენობებიც  ცოცხალია.

 

მახსოვს იყო პერიოდი როცა ძველ უბნებს აღდგენდნენ ინტენსიურად. ჩემთვის თითოეული ასეთი აღდგენილი უბანი საოცარი სიამაყის გრძნობა გახლდათ. ისეთი განცდა მქონდა, რომ გაცოცხლდა ჩემი ქალაქი, რომ იმ უბანმა ცოცხალი  ადამიანივით დაიწყო სუნთქვა, მეჩვენებოდა, რომ მტკვარიც სხვაგვარად მიედინებოდა...

 

ერთი პერიოდი პრაღაში ვცხოვრობდი. მაღიზიანებდა იქაური დაწყობილი, დამშვიდებული ცხოვრება. ყველაფერი აჟურში იყო. შუქიც, სითბოც... იმ პერიოდზე ვამბობ თბილისში რომ შუქი არ იყო. ვგრძნობდი, რომ ამ ქალაქს რაღაც აკლდა. მერე მივხვდი რომ ეს რაღაც სული გახლდათ, ის სული, რაც ჩემს ქალაქს ყოველთვის ასაზრდოებდა. 

 

ძალიან გამიჭირდა სულიერად უცხო ქვეყანაში ცხოვრება. ვაკე-საბურთალოს გზაზე ერთი ორმო იყო, ვფიქრობდი ოღონდ თბილისში დამაბრუნე, ღმერთო და იმ ორმოს არ ავაცილებ მანქანას-მეთქი.

თბილისში რომ დავბრუნდი, საღამო იყო. მითხრეს მანქანით არ გახვიდე, ყაჩაღობაა ქალაქშიო... არ დავუჯერე, ჩემი გავიტანე ისე მენატრებოდა თბილისი, მთელი ღამე მანქანით ვიარე... ვეფერებოდი ჩემს ქალაქს ...

 

პატარა რომ ვიყავი, ტრადიციად გვქონდა მე და მამაჩემს თბილისში გასეირნება. ჩავსხდებოდით მანქანაში და სანაპიროსკენ მივდიოდით. აქ გააჩერებინებდა მამა მანქანას, გადმოვდიოდით სანაპიროზე და ფეხით ვსეირნობდით. ვხედავდი როგორ ჩუმად ეფერებოდა ამ ადგილებს მამაჩემი, ხმას არ ამოიღებდა, ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ასეთ სიტუაციაში მითუმეტეს. ამით იმაზე მეტს ამბობდა, რაც შეიძლება სიტყვით ეთქვა. დღესაც თვალწინ მიდგას ეს დაუვიწყარი სურათი – მდუმარე მამაჩემი როგორ ესიყვარულებოდა თავის ქალაქს...

 

ეს ყველაფერი უსიტყვოდ ხდებოდა, არადა, რა უნდა ეთქვა იმაზე მეტი, რასაც მე თბილისისადმი მის დამოკიდებულებაში ვგრძნობდი?!  ორიოდე საათს ვჩერდებოდით, მეიდანსა და მეტეხზე, მერე ცნობილ საკონდიტრო მაღაზია `ფრანციაში~ გამოვივლიდით, ავიღებდით ნამცხვრებს და კუს ტბაზე ავდიოდით. იქიდან თბილისის საოცარი პანორამა მოსჩანს.  ამ რიტუალისას ვგრძნოდი როგორ იბადებოდა მამაჩემის მელოდების უკვდავი ფრაზები...

 

მეტეხის პლატოზე გამართულ ორერასკონცერტებს უკავშირდება თქვენი, როგორც კომპოზიტოორს სახალხო ნათლობა...

 

- 1979 წელი იყო ”ორერას”მეტეხზე ღია ცის ქვეშ ჰქონდა კონცერტები. შესანიშნავი პროგრამა მომზადდა. ამ პროგრამაში ჩემი სიმღერა ”ყვავილების მიწა” შევიდა. ბუბამ, ვახტანგ კიკაბიძემ, შეასრულა ეს ნაწარმოები.  მაშინ ეს პირველი სერიოზული განაცხადი იყო.  ამ სიმღერამ იმხელა პასუხისმგებლობა მაგრძნობინა (არ მინდა ამას კომპლექსი დავარქვა, სწორედაც რომ პასუხისმგებლობაა), შემდეგი სიმღერის გატანა მსმენელამდე ძალიან მიჭირდა.

 

”ყვავილების მიწამ” მოიპოვა პოპულარობა, ასრულებდა ყველასათვის საყვარელი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე, იყო მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ანსამბლის რეპერტუარში. ვეღარ წარმომედგინა, მეტი რაღა უნდა ყოფილიყო...

 

მანამდე იყო პირველი ნაბიჯები...

 

- პირველი მელოდია ექვსი წლის ასაკში ბატონი მორის ფოცხიშვილის ლექსზე დავწერე, ”ანა-ბანა” ჰქვია ამ ლექსს. მეგონა რომ ასე იყო საჭირო,  მეგონა რომ ყველა კარგი კაცი სიმღერებს წერს, ჰოდა მამაჩემის მიბაძვით მეც დავწერე სიმღერა. როგორც ყველა ბიჭისთვის მამა მისაბაძი და მაგალითია, ჩემთვისაც ესე იყო. ტექსტი თითქოს ბავშურია, თუმცა, საოცარ სიღრმეს იტევს: ”ანა-ბანა, ანა-ბანა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა სადღა აღარ წამიყვანა...”

 

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა, განსაკუთრებით მაშინ, მამაჩემი რომ მუშაობდა. როიალის ქვეშ შევძვრებოდი, შევიტანდი ფანქრებს, რვეულს და მთელი გატაცებით ვხატავდი. ჯადოსნური მელოდიები მეფრქვეოდა თავზე... განსაკუთრებით მიყვარდა ანსამბლ ”ორერას” სტუმრობა, როცა როიალს ქვემოდან რვა ფეხს ვხედავდი... მამაჩემის აჟღერებული სიმღერა ამ მართლაც უნიკალური ანსამბლის მიერ ჩემთვის უდიდესი ზეიმი იყო...

 

თორმეტი წლის ვიყავი, ზაფხული იყო, მახსოვს ბანაკში მივდიოდი,  მაშინ დავწერე მელოდია. ბატონ მორისს მე როგორ გავუბედავდი...  მამაჩემმა სთხოვა ლექსი დაეწერა ჩემს მელოდიაზე.  ბატონი მორისი საკმაოდ სერიოზულად მიუდგა ამ თხოვნას, თავისი მადლიანი ნიჭით მოარგო შესანიშნავი ლექსი `მამულო~.  ძალიან მიყვარს ეს სიმღერა...  მე და თემურ რცხილაძე ქალბატონ ციცინო ციცქიშვილთან დავდიოდით სიმღერაზე. სწორედ ჩვენ შევასრულეთ პირველად ეს ნაწარმოები.

 

გიორგი ცაბაძისა და მორის ფოცხიშვილის შემოქმედებითმა ტანდემმა არაერთი შესანიშნავი სიმღერა შექმნა. საკმაოდ სიმბოლურია, რომ მორის ფოცხიშვილის ბოლო ლექსზე სიმღერა თქვენ შექმენით...

 

- საოცარი ლექსი გახლავთ ”ჩვენ ვართ შვილები ერთი ღმერთისა.” რამდენად ბოლო ლექსია ეს ბატონი მორისის, არი ვიცი, თუმცა, მის სიცოცხლეში  გამოქვეყნებული ბოლო ლექსი ნამდვილად გახლდათ. ვმუშაობდი ოთახში, ამ დროს ჩემი მეუღლე შემოვიდა გაზეთით ხელში, ნახე რა ლექსი დაუწერია მორისსო. საკმაოდ დიდი ლექსი იყო. რომ წავიკითხე იმ წუთში სურვილი გამიჩნდა სიმღერა შემექმნა, ყველაფერი გვერდით გადავდე.

 

სხვათა შორის, იმ საღამოსვე მქონდა სიმღერის ძირითადი მონახაზი. მერაბ სეფაშვილმა იმღერა. მინდოდა ბატონ მორისს მოესმინა, საკმაოდ მძიმედ იყო ავად და ვიცოდით, რომ ეს მისი ბოლო დღეები იყო. სასწრაფოდ ჩავწერეთ, რადიოში გავუშვით...

 

დღეს, ისევე როგორც მაშინ 1992 წელს ეს ლექსი აქტუალურია, ”ჩვენ ვართ შვილები ერთი ღმერთისა, ჩვენ ვართ შვილები ერთი ქვეყნისა, ჩვენ ვართ და-ძმები ერთმანეთისა”, აქ არის საკმაოდ ტევადი ფრაზა - ”ერთ დროს უაზროდ გაფანტულების დგება წუთები ერთად შეყრისა, ყველა ერთად და ყველა უკლებლივ, ერთი მიზნით და ერთი უფლებით...” თითქოს დღევანდელ დღეზეა დაწერილი...

 

ეს სიმღერა ხელახლა ჩავწერეთ ქართული ესტრადის ვარსკვლავთა მონაწილეობით... ბატონი ბუბა კიკაბიძე იხსენებდა მორისს და მამაჩემს.  დიდი სულიერი ერთობა ჰქონდათ გოგის და მორისს. ჰქონდათ უაღრესად დიდი პატივისცემა ერთმანეთისა,  ტელეფონზე საუბრისას სახელიც რომ არ ეთქვა, ვხვდებოდით რომ  გოგი მორისს ელაპარაკებოდა. ხმა ეცვლებოდა, საოცარი სითბოთი იყო მამაჩემის ყოველი ფრაზა ამ საუბრისას გაჯერებული. მერე შვილები რომ ერთად დავსხედით და ვსაუბრობდით, ბასამ და თამრიკომ ზუსტად იგივე მითხრეს ბატონ მორისსზე, მასაც თურმე ანალოგიური განწყობა ჰქონია მამაჩემთან ტელეფონით საუბრისას.

 

აქვე მინდა გავიხსენო ბატონი პეტრე გრუზინსკი, რომელიც საოცრად ამშვენებდა ქალაქს. ამასწინათ ”ქართუმ” გამოსცა ბატონ პეტრეს ლექსებზე დაწერილი სიმღერების კრებული, ამ გამოცემის რედაქტორი ვარ, რაც ჩემთვის დიდი პატივია. ისეთი განცდა დამეუფლა ამ მასალაზე მუშაობისას, რომ თითქმის ყველა სიმღერა ქართულ ფილმებში რაც არის, ბატონი პეტრეს ტექსტზეა დაწერილი. მანამდე მეგონა, რომ ბატონი პეტრეს შემოქმედებას სრულად ვიცნობდი, მერე მივხვდი, რამდენი რამ არ მცოდნია მასზე...

 

ბატონი პეტრე ბოჰემური ცხოვრების მოტრფიალე გახლდათ, საოცრად თბილი, იუმორის დიდი განცდით, ის მეფე იყო... რაღა უნდა ითქვას ამაზე მეტი?!  შინაგანად იყო მეფე, რაც მის მანერებშიც იყო ხაზგასმული.

 

მეიდანზე ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველი თბილისის უკანასკნელი მოჰიკანი, ოთხმოცდაათი  წლის იაკობ ქიტესოვი...

 

- იაკობ ქიტესოვი ჩვენი უსაყვარლესი პიროვნებაა, ის ყველა თბილისელის პაპაა... ადამიანი რომელმაც შემოგვინახა არღანი, ადამიანი რომელიც ამ საოცარ ინსტრუმენტს აკეთებს. ამ კაცშია დაბუდებული თბილისური სული... მის გამოხედვაში, ღიმილში უაღრესად დიდი კეთილშობილება ჩანს. არ შეიძლება მასში ვერ დაინახო უდიდესი სიკეთე და პატიოსნება.

 

არის მოწოდება აღვადგინოთ ძველი ქალაქიო... ეს კარგია, თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ არავინ ჯიპებიდან არ გადმოვა და ფაეტონზე არ დაჯდება. ეს დრო წავიდა... დრო ბუნებრივია წინ მიდის,  მაგრამ ის რისი ტრადიციის შენარჩუნებაც შეიძლება, არ უნდა დავკარგოთ. დღეს ადამიანი ცხენს და ფაეტონს ვერ იყოლიებს, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება რომ ამ ადამიანს მივაქციოთ ყურადღება, მითუმეტეს თუკი იცი, რომ პაპა იაკობსა და მისი ვაჟის ვანოს გარდა ამ შესანიშნავ ინსტრუმენტს არავინ აკეთებს?

 

მით უმეტეს, რომ არღანი გარკვეულწილად თბილისის სიმბოლოა, თბილისის კრებითი სიმბოლოები რომ დახატო, ერთ-ერთი სიმბოლო უდავოდ არღანი იქნება. ნუთუ არ შეიძლება სახელმწიფო, ანდა კერძო ბიზნესმენები დაინტერესდნენ და შეგირდები მიამაგრონ ამ კაცს, რათა ეს ხელობა არ დაიკარგოს, არღნის კეთების ტრადიცია თბილისში დარჩეს? ამით შეიძლება თბილისის სულის შენარჩუნება.

 

გოგი ცაბაძემ სწორედ ამ სულის წარმოჩინებით სხვაგვარ სიმაღლემდე აიყვანა ქალაქური სიმღერა...

 

- გოგის დადებული თამასა ჯერ კიდევ რეკორდულ მაჩვენებელზეა.  ეს ის თამასაა, რომელიც საკმაოდ მაღალია თავისი ხარისხით და რომელზეც სწორებაც ნებისმიერისათვის აუცილებელია, ვინც ქალაქურ სიმღერას წერს. ჩემთვის კი როგორც პიროვნებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ის თამასა, თბილისის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნულად თავიანთი ცხოვრების წესითა და დამოკიდებულებით ანდერძად რომ დამიტოვეს პაპაჩემმა გაბო ცაბაძემ და მამაჩემმა გიორგი ცაბაძემ.

 

ამიტომაც, როცა ნატვრაზე მიდგება საქმე, ჩემი ერის დღეგრძელობასთან, ჩემი სამშობლოს, ქართველი ხალხის ბედნიერებასთან ერთად, ჩემი თბილისის დღეგრძელობას ვნატრობ. ერთი ფრაზა მაქვს ამოჩემებული, რომელიც ჩემი, როგორც შემოქმედის ნატვრაც არის და ოცნებაც...  ”ღმერთო, მომეცი ძალა, მამაჩემივით მოვეფერო თბილისს”...