ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას ძველი ინტერვიუდან ამონარიდი შეაფასა, რომელშიც „დროას“ ლიდერი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების სარგებელზე საუბრობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამ გამოსვლის კონტექსტი უფრო მძიმე იყო, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ საქართველომ გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან.
„ხოშტარიას გავრცელებული გამოსვლის კონტექსტი უფრო მძიმე იყო, იმიტომ რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გააკეთეს ეს ყველაფერი. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც უუქმებ სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებს და მერე გამოდიხარ და აკრიტიკებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, იმისთვის რომ არ დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს შენ მიერ გაუქმებული ვიზები, ეს არის არაადეკვატურობა. აქ არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით ნაკარნახევი ნაბიჯები“, - განაცხადა კობახიძემ.
2011 წლით დათარიღებული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ელენე ხოშტარია რუს ტურისტებსა და რუსეთ საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს , დღეს კი ქართულ მხარეს მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და მის გაუქმებას მოითხოვს.