მიუხედავად იმისა, რომ მეგან ფოქსი ჰოლივუდის ერთ-ერთ მიმზიდველ ქალად ითვლება, მსახიობმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი სხეული არასდროს ჰყვარებია. მეგან ფოქსმა ღიად ისაუბრა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა აქვს.
"სხეულის დისმორფული აშლილობა მაქვს. მე ვერასდროს ვხედავ ჩემს თავს ისე, როგორც გარშემომყოფები აღმიქვამენ. ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ისეთი მომენტი, როცა საკუთარი სხეული მიყვარდა", — განაცხადა მეგან ფოქსმა.
მეგან ფოქსს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აქამდეც უსაუბრია. მსახიობის თქმით, კარიერაში გარდამტეხ მომენტად ფილმში Jennifer’s Body (ჯენიფერის სხეული) მონაწილეობა იქცა, რადგან მედიასა და კინოში მისი სექსუალიზება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ადამიანებთან შეხვედრისას სურს, სხვებმა მისი პოზიტიური ბუნება შეამჩნიონ. "მიჭირს იმის თქმა, თუ რა არის პირველი, რასაც ხალხში ჩემში ამჩნევს. ვისურვებდი, რომ ჩემი პოზიტიური ბუნება ყველას შეემჩნია, რადგან ეს განსაკუთრებული რამაა", — დასძინა მეგან ფოქსმა.
ადრინდელ ინტერვიუში მეგან ფოქსმა თავდაჯერებულობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალურად ისეთი სულაც არ არის, როგორიც კამერების წინ ჩანს. "ჯენიფერის სხეულის შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე. არ მინდოდა, რომ ვინმეს დავენახე, ჩემთვის ფოტოები გადაეღო, წითელ ხალიჩაზე გამევლო ან საერთოდ საზოგადოების წინაშე გამოვჩენილიყავი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ დამცინებდნენ, შემაფურთხებდნენ, მიყვირებდნენ ან მცემდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ ვიყავი", — განაცხადა მსახიობმა.
ცნობისთვის, სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს მიაჩნია, რომ მის სხეულს გარკვეული "ნაკლი" აქვს და ამაზე გამუდმებით ფიქრს ვერ წყვეტს.