„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელოდებოდა, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ანსამბლ „მართვეს“ შესახებ ინფორმაციას მოიძიებდა საკონსულოში, თუმცა მისდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
„ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში [„მართვეს“ ამბავს], რატომ მოხდა, როგორ მოხდა, [ექნებოდა] სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა. ტექნიკური ვერ იქნება რა თქმა უნდა მიზეზი, ყველას კარგად ესმის, რომ სამ თვეში როდესაც არის დაგეგმილი გასტროლები, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება. მაგალითად ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ვიზები. ნებისმიერ საკონსულოში, მათ შორის ამ კონკრეტულ [ამერიკის] საკონსულოშიც. მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკის საელჩომ ანსამბლ „მართვეს“ - 50 ბავშვს შეერთებულ შტატებში გამგზავრებაზე პრობლემები შეუქმნა. საელჩომ ჯგუფს სააპლიკაციო განაცხადების ერთობლივ განხილვაზე უარი უთხრა და ინდივიდუალური გასაუბრება შესთავაზა, თუმცა ამის შესაძლებლობა, განრიგის მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში აქვთ. ეს მაშინ, როდესაც კონცერტი ივლისში იგეგმება. ყველაფერი კი შეთანხმებული და ორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით.