ზოგადად პრობლემა არ მაქვს არც ვიზებთან, არც ფრენებთან,- ამის შესახებ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ქვეყანა დასავლეთს შორდება და რუსეთს ეწებება.
„მე ზოგადად პრობლემა არ მაქვს არც ვიზებთან, არც ფრენებთან. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ დასავლეთს ვშორდებით და რუსეთს ვეწებებით. ფრენებთან დაკავშირებით კი შეცვლილი არის ის, რომ რუსეთი არის სანქციების ქვეშ, არის იზოლირებული ქვეყანა და მთელი ცივილიზებული სამყარო დისტანცირდება რუსეთისგან იმის გამო, რასაც უკრაინაში აკეთებს. ამ დროს, როდესაც შენ სხვა პოზიციაზე დგახარ, ეს არის პრობლემა და ამას პრობლემები შეიძლება მოჰყვეს დასავლეთისგან“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.