ბოლო 15 წლის მანძილზე საქართველოში უამრავი ეკლესია აშენდა და შესაბამისად, თანდათან დაიწყო მათი მოხატვა. 70 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა, რაც რელიგიის აკრძალვასაც გულისხმობდა, ქართული საეკლესიო მხატვრობა ტრადიციას მოსწყვიტა და ბუნებრივი განვითარების რიტმიდან ამოაგდო.
ხელოვნებათმცოდნენი თვლიან, რომ ტრადიციული ჯაჭვის გაწყვეტამ ღრმა დაღი დაასვა საეკლესიო მხატვრობას. დღეს, როცა შესაძლებელია ეკლესიების აშენება და მოხატვა, აუცილებელია იმ ცოდნის შეთვისება, რაც ადრე თაობიდან თაობას ბუნებრივად გადაეცემოდა. საეკლესიო მხატვარი მუდამ ვიღაცის შეგირდი იყო, მაგრამ მოწაფე მასწავლებელს არ იმეორებდა. დღეს სამწუხაროდ თითზე ჩამოსათვლელია ის საეკლესიო მხატვრები, რომელთა ნამუშევრებშიც შემოქმედებითი იმპულსები იგრძნობა, ძირითადად ძველის გამეორება, ანდა უშუალოდ კოპირება ხდება.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ტრადიცია უნდა იყოს წყარო, რომლითაც გამოიკვებება ახალი ხელოვნება და არა უსულო ასლების მშობი. საეკლესიო ხელოვნება ერთდროულად უნდა მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს: თანამედროვეც იყოს, ტრადიციულიც და ქართულიც.
საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა მხატვართა გარკვეული თაობა, ვინც ეკლესიების მოხატვაზე მუშაობს და რომელთაც გამოხატული ინდივიდუალური ხელწერაც აქვთ. მაგალითად, ამირან გოგლიძე, რომელიც ჯგუფთან ერთად სამების ტაძრის მოხატვაზე მუშაობს, დათო არახამია, ირაკლი ცინცაძე, დათო ხიდაშელი, დათო მორგოშია და სხვანი, რომლებიც საეკლესიო მახტვრობით სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინტერესდნენ.
მიუხედავად დაკანონებული დოგმებისა, არსებობს ეპოქისათვის დამახასიათებელი სტილიც, თუმცა კი ქართული მონუმენტური მხატვრობის ისტორიაში მკვეთრად განსხვავებული, რადიკალური სტილი მხოლოდ დავით გარეჯის უდაბნოს საბერეების მხატვრობაში იგრძნობა. დღეს მოთხოვნა არის მე-12 საუკუნის სტილზე. ასევე ზოგი ბიზანტიურ-პალეოლოგიურ სტილს ირჩევს, ზიგი ატენის სიონისა და ტიმოთეს უბნის. მხატვრათა უმრავლესობა ცდილობს, ბუნებრივი მინერალებით ხატონ, თუმცა სველ ბათქაშზე ხატვა აღარ სრულდება ტექნიკური მიზეზების გამო. ადრე თუ ტაძარს მხატვართა ჯგუფი ხატავდა, ახლა ერთად ერთი-ორი მხატვარი თუ მუშაობს, ჯგუფის შექმნა ძალიან ძნელია.
ქრისტიანულ ხელოვნებში ყველა ფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და ყოველი ფერი ღვთიური ნათლის გამომხატველია. ხატზე გამოხატულია არა რეალური, მატერიალური სამყარო, არამედ მარადიული ღვთის სასუფეველი. ქრისტიანული სიმბოლიკით მწვანე ფერი ღვთის ცხოველმყოფელობის სიმბოლოა; წითელი ღვთაებრივი ცეცხლის ფერი და ასევე გამარჯვების ფერია, უფლის აღდგომის გამომსახველი. ოქროსფერი უხრწნელობას და ღვთაებრივი ნათლის ჩაუმქრალობას გამოხატავს, ლურჯი უხილავი ცის სიმბოლოს, ქალწულებას და უმანკოებას აღნიშნავს. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა კონტექსტში გვხვდება ესა თუ ის ფერი, მათი გამოყენება შეზღუდული არ არის და მხატვარი თავისუფალია არჩევანში, გარდა ესთეტიკური მხარისა, რის გამოხატვა სურს ამა თუ იმ ფერით.