რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე ოპოზიციის დამოკიდებულება მხოლოდ საფუძველს მოკლებული სპეკულაციაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთმა თავად დააწესა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ და ახლა თავადვე მოხსნა.
„ვფიქრობ აქ მხოლოდ სპეკულაციები ისმის ოპოზიციის მხრიდან. სხვა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, მათ შორის იმ სარგებელზე, რასაც საქართველო აქედან მიიღებს. იცით, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, გაუადვილდებათ საქართველოში ჩამოსვლა. ეს ასევე დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან. ნებისმიერ ქვეყანასთან, სადაც საქართველოს აქვს ეკონომიკური ურთიერთობები და ტურისტული კავშირები, რა საკვირველია პირდაპირი ავიამიმოსვლა არის ძალიან კარგი. რუსეთმა თავად დააწესა სანქციები საქართველოს წინააღმდეგ და ახლა თავადვე მოხსნა. აქედან გამომდინარე, დანარჩენი საკითხები, რაც ისმის ოპოზიციის მხრიდან, არის სპეკულაციები და საფუძველს მოკლებული. მე შინაარსობრივად არ მესმის რაზე სპეკულირებს ოპოზიცია და რა არის მათი მოთხოვნები“, - აღნიშნა გვიდიანმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ ვერ მოხდება საქართველოს მხრიდან რუსეთთან ფრენების შეზღუდვა და სავიზო რეჟიმის დაწესება.
„რასაც ოპოზიცია ითხოვს, რომ ჩვენ ნაბიჯები გადავდგათ იმისკენ, რომ საქართველომ შეზღუდოს ფრენები ან დააწესოს სავიზო რეჟიმის სახით სანქცია, ეს ყველაფერი სპეკულაციაა. ჩვენგან ასეთი ტიპის სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის. საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო სანქციას, რომელიც დაწესებული აქვთ დასავლურ ქვეყნებს, თუმცა, საქართველო არ უერთდება ისეთ სანქციებს, რომელიც დააზიანებს საქართველოს, როგორც ქვეყნის ინტერესებს. ჩვენი მხრიდან კი ასეთი სანქციების შემოღება იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი“,- განაცხადა გვიდიანმა
მისივე თქმით, კარგი იქნება თუ რუსეთის მსგავსად საქართველოს უვიზო მიმოსვლა აშშ-თანაც ექნება.
„პირადად მე ამ გადაწყვეტილებაში საპრობლემოს ვერაფერს ვხედავ. გარდა ამისა, ძალიან კარგი იქნება, რომ სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მ შემოიღოს პირდაპირი ავიარეისები, რომელზეც ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი. ასევე, ძალიან კარგი იქნება თუ შეერთებულ შტატებთან იქნება უვიზო მიმოსვლა და თუ აშშ საქართველოს გაუფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რაც საქართველოსა და ამერიკას აკავშირებს მიიღება რეალური ხელშესახები გადაწყვეტილებები“,- აღნიშნა გვიდიანმა.