ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ხატია დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
„ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი.
ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა”, - წერს ხატია დეკანოიძე.
ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე.
მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.