საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გივი მიქანაძე „ქოლცენტრების საქმეზე“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ ვიცით, რომ გახარია ძალიან ახლოს არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გახარიას გუნდის მხრიდან გაჟღერება იმისა, რომ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ჯერ არდამთავრებულ გამოძიებაზე, რომელზეც ჯერ ნაწილობრივ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები, მაგრამ ეს გამოძიება გრძელდება და ახალი მტკიცებულებები და ახალი გარემოებები იკვეთება, არის მცდელობა, რომ მოხდეს გადაფარვა ამ პროცესის და კეზერაშვილისთვის ხელშეწყობა იმაზე, რომ კეზერაშვილმა წინასწარ მოიპოვოს ინფორმაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარია ეხმაურება. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონლაურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს ჰპარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.