ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოური წყაროებით. იარაღთან გარკვეული გაშინაურება ხდება ახალგაზრდების, რომ მათ არ მოერიდოთ საჭირო დროს ამ იარაღის გამოყენება, - ასე შეაფასა შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ ტრენინგები. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ და სხვა პარტიებს ასევე აქვთ დაფუძნებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ასეთი სქემები გამოაშკარავდა „გირჩის“, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, არამედ პირდაპირ მათი ლიდერების დაფუძნებულია, იმართება მათ მიერ და პოლიტიკური ფული გრანტად ფორმდება. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.