და, აი, დადგა მაისის თვე და წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის დროც მოვიდა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს უკვე 67-ედ გაიმართება. სატელევიზიო შოუ, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონამდე ადამიანი ადევნებს თვალს, ტრადიციულად, ბევრ სიურპრიზსა და სანახაობრივ წარმოდგენას გვპირდება. თუმცა, არის რამდენიმე მიზეზი, რატომ ველოდებით წლევანდელ ევროვიზიას განსაკუთრებულად.
1. გაერთიანებული სამეფო ევროვიზიას ამ საუკუნეში პირველად მასპინძლობს
გაერთიანებული სამეფო ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე "სტაჟიანი" მონაწილეა, რომლის ანგარიშზეც ხუთი გამარჯვება ირიცხება. თუმცა, ამის მიუხედავად, ევროვიზიას უკვე მეცხრედ მასპინძლობს — თანაც, ამ საუკუნეში პირველად. ევროფესტივალი ბრიტანეთში ბოლოს 1998 წელს ჩატარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გაერთიანებულმა სამეფო სხვა ქვეყნის მაგივრად არაერთხელ უმასპინძლა კონკურსს. ასეა ამჯერადაც — 2023 წლის ევროვიზია გასული წლის გამარჯვებულ უკრაინაში საომარი ვითარების გამო არ იმართება.
სიმბოლურია წლევანდელი კონკურსის მასპინძელი ქალაქიც, ლივერპული. სხვა თუ არაფერი, ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსი ხომ ლეგენდარული The Beatles-ის მშობლიურ ქალაქს სტუმრობს.
2. ევროვიზიაზე კონკურსის ტრიუმფატორი ბრუნდება
თუკი წლევანდელი ევროვიზიის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ არ მოგისმენიათ, დამერწმუნეთ, რომ წინ საინტერესო და დაძაბული შეჯიბრი გველოდება. 37 ქვეყნის წარმომადგენელს შორის შეხვდებით MTV EMAs-ის არაერთგზის პრიზიორ ისრაელელ პოპვარსკვლავს, ნოა კირელს. ასევე ევროვიზიის გამარჯვებულ ლორენს შვედეთიდან.
2023 წლის ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ამბავი სწორედ ისაა, რომ კონკურსზე მისი ტრიუმფატორი ბრუნდება. ლორენმა ევროფესტივალი 2012 წელს მოიგო სიმღერით Euphoria, რომელიც მოგვიანებით ნამდვილი ჰიტი გახდა უამრავ ქვეყანაში და ევროვიზიის კლასიკად იქცა. 11 წლის შემდეგ კი, შემსრულებელი არანაკლებ შთამბეჭდავი სიმღერით და პერფორმანსით კონკურსზე ისევ იასპარეზებს. ლორენის საკონკურსო სიმღერა, Tattoo, ჯერ კიდევ მაისამდე 10-ზე მეტი ქვეყნის ჩარტებში აღმოჩნდა. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ის წლევანდელი ევროფესტივალის მთავარ ფავორიტად მოიაზრება — ბუქმეიკერების პროგნოზით, ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული სწორედ შვედეთი გახდება.
3. წლების შემდეგ პირველად, საქართველოს ფინალისტობას უწინასწარმეტყველებენ
აი, ბუქმეიკერებზე საუბრისას კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის უჩვეულო ამბავიც, ჩვენს თავს რომ ხდება. ევროვიზიის გამოცდილი პროგნოზიორები 2015 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ფინალში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ეს კი ნამდვილად იმედისმომცემი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურსის ნახევარფინალური ტურიდან უკვე 7 წელია, არ გავსულვართ.
2023 წლის ევროვიზიაზე საქართველოს 22 წლის ირუ წარადგენს, გიგა კუხიანიძის სიმღერით Echo. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მომღერალი წინათ იყო ჯგუფ ქენდის წევრი, რომელმაც 2011 წელს ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროვიზიაზე მეორე გამარჯვება მოუტანა. წლევანდელ ევროფესტივალზე კი საქართველო მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს, მე-11 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.
4. კონკურსზე ხმის მიცემის წესი შეიცვალა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც 2023 წლის ევროვიზიას უკავშირდება, ხმის მიცემის ფორმატის ცვლილებაა. გასულ წლებში, კონკურსის ორ ნახევარფინალურ ტურში ტელემაყურებელთან ერთად ჟიურიც მონაწილეობდა საუკეთესო ოცეულის გამოვლენაში. აი, წელს კი ევროვიზიის ფინალისტების ვინაობას მხოლოდ მაყურებელი გადაწყვეტს. თუმცა, ფინალში გამარჯვებულის გამოსავლენად კვლავაც გათვალისწინებული იქნება ჟიურის ქულები.
სიახლეა ისიც, რომ კონკურსის ისტორიაში პირველად, ხმის მიცემის პროცესში არამონაწილე ქვეყნებიდანაც ჩაერთვებიან. ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ევროვიზიას მხოლოდ ევროპის კონტინენტის მასშტაბით არ ადევნებენ თვალს — კონკურსში მონაწილე ისრაელზე და ავსტრალიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის, აშშ-ში. როგორც ცნობილია, არამონაწილე ქვეყნებიდან ხმას ონლაინ მისცემენ, შედეგები კი ისე დაემატება დანარჩენ ქულებს, როგორც ერთი მონაწილე ქვეყნის მიერ დაწერილი შეფასება.
5. წლევანდელ შოუზე მსოფლიო ვარსკვლავებსაც ვიხილავთ
ევროვიზია რისი ევროვიზია იქნებოდა, კონკურსზე მსოფლიო ვარსკვლავები რომ არ მოეწვია. 2016 წელს ჯასტინ ტიმბერლეიკის, 2019 წელს მადონას, 2022-ში კი წამყვანად მიკას ხილვის შემდეგ, წესით, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ ორგანიზატორები მაინც საინტერესო სანახაობას გვპირდებიან.
უპირველესად, მნიშვნელოვანი ამბავია, რომ წლევანდელი ევროვიზიის ერთ-ერთი წამყვანი ინგლისელი ვარსკვლავი ალეშა დიქსონი იქნება. გარდა ამისა, პირველ ნახევარფინალში ბრიტანელი შემსრულებელი რიტა ორა იმღერებს. შოუში ასევე ვიხილავთ ევროვიზიის წინა გამარჯვებულებსაც: რუსლანას (უკრაინა 2004), ჯამალას (უკრაინა 2016), ნეტას (ისრაელი 2018), დანკან ლოურენსს (ნიდერლანდები 2019) და Kalush Orchestra-ს (უკრაინა 2022).