რადიკალური ოპოზიცია ლეგიტიმურის გარდა ყველა მეთოდს იყენებს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან. ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მათ უარი არაერთხელ უთხრა, რომ ისინი ხელისუფლებაში რაღაცა ფორმით დაბრუნებულიყვნენ. ამისი ბოლო გამოხატულება იყო შუალედური არჩევნები, სადაც მათ საზოგადოებამ ღირსეული პასუხი გასცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ჯაფარიძეს, მისგან საზოგადოებას უკვე აღარ უკვირს მსგავსი მოქმედებები, რადგან ეს ადამიანი გადასულია რადიკალიზაციის უკიდურეს ფორმაზე. ხაბეიშვილმაც თქვა, რომ რევოლუცია არის ერთადერთი გზა, რითაც ისინი შეძლებენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს არის მათი დღის წესრიგი. ამიტომ საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის, რომ მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე იარაღის გამოყენებასა და ისეთ აქტივობებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად. თუმცა, ქართულ საზოგადოების პოზიციაა მშვიდობის, ქვეყნის ევროპული განვითარებისგან ორიენტირება, რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს. ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ კანონიდან რაიმე გადახრა მოხდეს. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ავლენს რადიკალური ოპოზიციის რეალურ გეგმას და იმ სახეს, რაც ნიღბის ჩამოხსნის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინეს. ისინი ერთადერთ გამოსავალს სწორედ რევოლუციაში ხედავენ. კარგია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია მათი რეალური ზრახვები. ისინი ღირსეულ პასუხს 2024 წელს მიიღებენ, როცა საზოგადოება დაუფიქსირებს, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, - განაცხადა მიქანაძემ.
რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.