შალვა პაპუაშვილი: თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართულ მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე

შალვა პაპუაშვილი: თუ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართულ მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე

შალვა პაპუაშვილი დავით არახამიას ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსის სიტყვებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია.

„უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, არის ის, რომ საქართველოს გადმოსცეს ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ერთის წინააღმდეგ 5 საქმეზე არსებობს განაჩენი, 6 წელი აქვს მოსახდელი. ჯამში 19 წელი აქვს მისჯილი და რომ იყოს ეს პერიოდი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო საქართველოში, 19 წელივე ექნებოდა მოსახდელი შეკრებითობის პრინციპის გათვალისწინებით. თუმცა, ამ წესებით ახლა 6 წელი აქვს მოსახდელი. დღეს ზურაბ ადეიშვილი არის უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი და მართლმსაჯულების რეფორმას კოორდინირებს, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი.

გია ლორთქიფანიძე კი მთავარი მოქმედი პირია საქართველოში სააკაშვილის უკანონო შემოპარვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუკი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ქართველი ხალხის გულის მოგება, უნდა დაიწყონ იქიდან, რომ ქართველ ხალხს და მის მართლმსაჯულებას გადასცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.