პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამო.
„ევროპულ მომავალს ქართველი ხალხი იმსახურებს და ეს არ ხდება ბიძინა ივანიშვილის გამოო. პირველად ეს სიტყვები პუტინმა გამოიყენა, რომელმაც ხალხი და მთავრობა გაყო და ამ შემთხვევაში არახამია პუტინის ნარატივს იმეორებს. ხალხი და მთავრობა ყოველთვის ერთიანია. მთავრობას ირჩევს ხალხი და ბოლო ცხრა არჩევნებში ხალხმა ის ხელისუფლება აირჩია, რომელიც დღეს საქართველოს მართავს. მგონი, არახამიას ქართველ ხალხზე არასწორი წარმოდგენები აქვს. მისი მხრიდან არჩევნებზე საუბარი არის დარღვევა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უკრაინელი პოლიტიკოსის მხრიდან. მაშინ, როცა უკრაინა ჩართულია ძალიან მძიმე ომში და რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს, შევეცდებით თავი შევიკავოთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკისგან. რაც შეეხება ელჩს, არახამია არ არის პიროვნება, ვინც წყვეტს საქართველოში ელჩის გამოგზავნა-არგამოგზავნის საკითხს. ამას აკეთებს, რადგან მას სურს, თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირად“, - განაცხადა სამხარაძემ.
„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები“, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში. არქახამიას განცხადებით, მოქმედი მთავრობა რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, თუმცა ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა.