ასეთი თავშეყრა და ასეთ თემებზე საუბარი კანონმდებლობით აკრძალული არ არის მანამ, სანამ ეს კონკრეტულ მოქმედებებში არ გამოისახება, - ასე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილი „იმედის კვირის“ გამოძიებას „გირჩის“ ახალგაზრდულ ბანაკებზე. „ნაცმოძრაობის“ წევრი ამ შეხვედრებში კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს.
„ჩვენ უნდა მივიჩნიოთ ეს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფის საარჩევნო ტაქტიკად, ამომრჩეველთან კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად და ვერაფერს კანონსაწინააღმდეგოსა და სკანდალურს ამ ჩანაწერში ვერ ვხედავ“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
რას ასწავლიან ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. საკითხით „იმედის კვირის“ ჟურნალისტები მას შემდეგ დაინტერესდნენ რაც ერთ ერთმა მონაწილემ „იმედს“ ტრენინგიდან ჩანაწერი მიაწოდა. ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში, რომელიც „იმედს“ ასევე წყარომ მიწოდა, ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად და რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს.