1-ელ მაისს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ნიუ-იორკში, მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ ღონისძიებას, მეთ გალას, უმასპინძლა. საზეიმო სანახაობაზე, რომელსაც პოპკულტურის ყველაზე ცნობილი სახეები ესწრებიან ხოლმე, ტრადიციულად, საგანგებოდ იყო შერჩეული თემა — წელს ეს მოდის დიზაინერ კარლ ლაგერფელდის მემკვიდრეობა გახლდათ.
ვარსკვლავები ღონისძიებაზე ერთიმეორეზე შთამბეჭდავი კოსტიუმებით წარდგნენ. ჯარედ ლეტომ და Doja Cat-მა კი სულაც ლაგერფელდის კატა, შუპეტი, განასახიერეს. თუმცა, ცნობილი ადამიანები ღონისძიებაზე დასწრების გამო ინტერნეტში ბევრმა გააკრიტიკა — რაც სულ არაა გასაკვირი, თუკი ლაგერფელდის საკამათო განცხადებების ვრცელ ჩამონათვალს გავითვალისწინებთ.
კრიტიკოსებს შორის იყო ბრიტანელი მსახიობი და აქტივისტი ჯამილა ჯამილი, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ წლევანდელ მეთ გალას ფემინისტი ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ — იმის მიუხედავად, რომ ლაგერფელდი მიზოგინიური დამოკიდებულებებითაც გამოირჩეოდა, განსაკუთრებით სხეულის არასტანდარტული ზომის მქონე ქალების მიმართ.
"წუხელ ჰოლივუდმა და მოდის სამყარომ არ ითაკილა და გადაწყვიტა, უამრავ ცნობილ ფემინისტთან ერთად უმაღლეს დონეზე აღენიშნა იმ კაცის დღე, რომელიც ღიად ულმობელი იყო ქალების, პუტკუნა ადამიანების, მიგრანტებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ", — წერს ჯამილი ინსტაგრამზე, — "და ქალების გამოცემებმა და მაყურებლებმა ამ ყველაფერზე სიხარულით დახუჭეს თვალი".
ინსტაგრამპოსტის აღწერაში ჯამილი ამატებს, რომ მომხდარი თანამედროვე საზოგადოებაში შერჩევითი სამართლისა და ორმაგი სტანდარტების არსებობაზე უსვამს ხაზს.
"საქმე ბოიკოტის გამოცხადების კულტურას (Cancel Culture) ან კარლს კი არ ეხება", — ამბობს მსახიობი, — "საქმე ეხება ლიბერალური პოლიტიკის ფარგლებში ბოიკოტის შერჩევით გამოცხადებას, რომელიც ასეთი აშკარაა. საქმე ეხება იმის ჩვენებას, თუ რატომ არ ენდობიან ადამიანები ლიბერალებს. აი, ასეთი გაქნილი ტაქტიკებისა და ორმაგი სტანდარტების გამო. და საუბარი მარტო ჰოლივუდზე როდი მაქვს, საზოგადოებაც მონაწილეობდა სიმართლის წაშლაში. [...] ასე თუ გავაგრძელებთ, ნუ გაგიკვირდებათ, როცა მომდევნო არჩევნებში წავაგებთ".
როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები Met Gala 2023-ზე — 20 ფოტო
ჯამილი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც მეთ გალას წლევანდელმა თემამ აღაშფოთა. არაერთი ინტერნეტმომხმარებლის აზრი გაიზიარა The Guardian-ის მიმომხილველმა ტაიო ბერომ, რომელმაც წერილიც გამოაქვეყნა — კარლ ლაგერფელდს საშინელი შეხედულებები ჰქონდა, ჩვენ კი მას არ უნდა განვადიდებდეთ.
"მისი მიღწევების სია ლამის იმხელაა, რამხელაც მისი საკამათო განცხადებების ჩამონათვალი", — წერს ბერო, — "[თავის დროზე] მან განაცხადა, რომ "ყელში ამოუვიდა" #MeToo მოძრაობა და ეჭვქვეშ დააყენა მსხვერპლთა ჩვენებები. 2009 წლის ინტერვიუში აღნიშნა, რომ 'არავის სურდა' პლუს-ზომის მოდელების ხილვა, მერე კი ადელს 'ცოტა ძალიან მსუქანიც' უწოდა".
მიმომხილველი ყურადღებას ამახვილებს, რომ ლაგერფელდის დამოკიდებულებებმა ასახა და გააძლიერა "მოდის ინდუსტრიის ყველაზე ტოქსიკური იდეალები".
"წითელ ხალიჩაზე ანა ვინტურმა [მოდის ცნობილი ჟურნალისტი და მეთ გალას ორგანიზატორი] მედიას განუცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ლაგერფელდმა გაიგო, რამდენი ადამიანის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა იგი", — ამბობს ტაიო ბერო წერილის დასასრულს, — "აი, პასუხიც ეგაა. მდიდარი და გავლენიანი ხალხისთვის მთავარი ის ადამიანები არიან, რომელთაც უყვართ, ხოლო არად აგდებენ მათ, ვისაც ტკივილი მიაყენეს. საბოლოო ჯამში ხომ მაინც გმირის წოდებას იღებენ".