პარლამენტის დარბაზების აღდგენა იწყება

პარლამენტის დარბაზების აღდგენა იწყება

თბილისში, პარლამენტის შენობის ოთხი დარბაზის აღდგენა-რემონტი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ილია ჭავჭავაძის, პირველი რესპუბლიკის, პლენარული სხდომებისა და კინოდარბაზების ტექნიკური აღჭურვა, შესაძლოა, კომპანია „გრინ პროჯექტმა“ განახორციელოს.

წყაროს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის დარბაზების მოწყობის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს აპარატსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.

კომპანია „გრინ პროჯექტი“, რომელიც 1998 წელს არის დაარსებული, პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერშიც მონაწილეობს და სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, უწყებას 1 897 377 00 ლარს სთხოვს.

კომპანიასა და პარლამენტს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებს აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე შოთა გოშაძე.

როგორც for.ge-ს გოშაძემ განუცხადა, სამუშაოების წარმოების თაობაზე, საუბარი ჯერჯერობით, არცერთ კომპანიასთან არ მიმდინარეობს.

„მითუმეტეს საუბარი არ არის ხელშეკრულების გაფორმებაზე. როცა კომპანია გამოჩნდება და პირობებს ხელშეკრულებამდე მივიყვანთ, ამას გაცნობებთ. დაზუსტებები მიდის და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ! დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი თებერვალში გადმოვა“, - აცხადებს გოშაძე, რომლის მსგავსადაც, ინფორმაციას არ ადასტურებს კომპანიის დირექტორი ლევან ჩაჩუა.

for.ge-სთან საუბარში ჩაჩუა აცხადებს, რომ „გრინ პროჯექტი“ პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს და ჯერჯერობით გარკვეული არაფერი არ არის.

„ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. ტენდერში ვმონაწილეობთ, მაგრამ ჯერჯერობით, გარკვეული არაფერი არ არის და ყველაფერი გარკვევის პროცესშია. შევასრულებთ თუ არა პარლამენტის დარბაზების მშენებლობას, ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით“, - დასძენს ჩაჩუა.

რაც შეეხება პარლამენტის ავეჯით უზრუნველყოფას, პარლამენტის აპარატმა 1 300 000 ლარიანი ტენდერი სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესაძენად 29 ივლისს გამოაცხადა და შპს „მოდერნ-ვილამ“ უწყებას მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, 1 267 970 ლარი მოსთხოვა, თუმცა, გააფორმებს თუ არა პარლამენტის აპარატი აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულებას, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.

გოშაძის ინფორმაციით, „მოდერნ-ვილასთან“ ფასის დაზუსტება მიდის და თუ კომპანია სატენდერო მოთხოვნებს დააზუსტებს, მასთან ხელშეკრულება გაფორმდება. სატენდერო პირობების მიხედვით, საოფისე, სათათბირო, კომპიუტერის და ტელევიზორის მაგიდები, საოფისე კარადები და ტუმბოები ძირითადად დამზადებული უნდა იყოს ლამინირებული მდფ-ით ან მერქან ბურბუშელოვანი ფილით. რაც შეეხება სავარძლებს, სატენდერო მოთხოვნის მიხედვით, პარლამენტი ორი ტყავის გორგოლაჭიანი და 800 უგორგოლაჭო სავარძლის შეძენას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დარბაზების დემონტაჟი წინა ხელისუფლების პირობებში განხორციელდა. აპარატმა კი, ისტორიული შენობის დარბაზების მოწყობის მიზნით, ტენდერი აპრილის დასწყისში გამოაცხადა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაობის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა არცერთმა ფირმამ არ აიღო, რაც ძირითადად, გახმოვანების სისტემების დამონტაჟების სირთულეს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება კომპანია „გრინ პროჯექტის“ საქმიანობას, ის სისტემურ ინტეგრატორად და ქსელურ გადაწყვეტილებათა მიმწოდებლად 1998 წლიდან მუშაობს და მას შესრულებული აქვს სამუშაოები ბანკებში, სახელისუფლებო დაწესებულებებში, არასამთავრობო, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.