კობა სუბელიანს დევნილთა გასახლებისადმი ლტოლვა დაუდგინდა

კობა სუბელიანს დევნილთა გასახლებისადმი ლტოლვა დაუდგინდა

დევნილთა გამოსახლების პროცესი დღეს დილაადრიანად განახლდა. ყიფშიძის ქუჩაზე სამხატვრო აკადემიის ფილიალის შენობიდან 29 დევნილი ოჯახი გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი, როგორც მოსალოდნელი იყო დევნილების ნერვების ხარჯზე ხორციელდებოდა. 85 წლის ქალბატონი, რომელიც ბოლო 9 თვეა მწოლიარე ავადმყოფია და მძიმე მდგომარეობაშია, 033-ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საკაცით გამოიყვანა და საავადმყოფოში გადაიყვანა. დევნილების ცნობით, ისინი საცხოვრებლად რუსთავში გადაჰყავთ.

გამოსახლების პროცესი დილით, 8 საათზე დაიწყო ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე აღსრულების ბიუროს ყოფილ შენობაში, სადაც კოდორის ხეობიდან დევნილი 22 ოჯახი ცხოვრობდა. დევნილთა ნაწილი ნათესავებთან, ნაწილი ქირით ცხოვრებას აპირებს, ხოლო დანარჩენები ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს დათანხმდნენ.

შენობის პერიმეტრი დილიდანვე გარშემორტყმული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებით. ისინი შემოსაზღვრული პერიმეტრის შიგნით არავის უშვებენ, მათ შორის - ევროკავშირის დამკვირვებლებსაც. შენობაში არ შეუშვეს დევნილების ადვოკატი ირმა ჭკადუაც.

ირმა ჭკადუას თქმით ხელისუფლებას ამ ოჯახებისთვის 10 000-დოლარიანი კომპენსაცია არ შეუთავაზებია. „დევნილებმა მოითხოვეს ეს კომპენსაცია, თუმცა კობა სუბელიანი უწყებაში განუცხადეს, რომ თანხა აღარ არის და კომპენსაციას ვერ გასცემენ“,- აღნიშნა ადვოკატმა. 

რაც შეეხება ალტერნატიულ საცხოვრებელს, ირმა ჭკადუას განცხადებით, საცხოვრებელი ფართი მხოლოდ ორ ოჯახს, წინწყაროში შესთავაზეს. ჭკადუა გამოსახლების პროცესს უკანონოს უწოდებს, რადგან დევნილები გამოსახლებაზე 10 დღით ადრე უნდა გაეფრთხილებინათ, რაც განსახლების სამინისტროს არ გაუკეთებია.

„როგორც ჰიტლერი ექცეოდა ებრაელებს, საქართველოს ხელისუფლება ისე ექცევა დევნილებს“, – ასე შეაფასა ჭკადუა შექმნილ ვითარებას. 

გამოსახლება შეეხოთ ყიფშიძეზე მცხოვრებ კოდორის ხეობიდან დევნილ ოჯახებსაც. გამოსახლების მომენტის დაწყებიდან პერიმეტრს 100-მდე პოლიციელი აკონტროლებდა, რომელთაც შენობასთან მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს და ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ უშუალოდ დევნილებს გასაუბრებოდნენ. მოგვიანებით კი, ტერიტორია რამდენიმე სატვირთო მაქნანამ დატოვა, რომლებიც დევნილთა ავეჯით და პირადი ნივთებით იყო დატვირთული.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გამოსახლების პროცესი ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დევნილები ამბობდნენ, რომ საერთო საცხოვრებლიდან სულ 78 ოჯახს უპირებენ გამოასახლებას, რომელთა ძირითადი ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ნაწილი კი, აფხაზეთიდან დევნილი. 

როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, შენობასთან მობილიზებული იყო რამდენიმე სატვირთო ავტმობილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. დევნილთა გამოსახლების პროცესს თვალყურს ადევნებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და უშუალოდ გამოსახლებულებისგან იღებდნენ ინფორმაციას. დევნილთა ნაწილი ჩიოდა, რომ მათ ამ წუთისთვის არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ.

გამოსახლების ობიექტებთან მივიდნენ „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“, „კონსერვატიული პარტიის“ და „ხალხის პარტიის“ წარმომადგენლები, რომლებიც აპროტესტებდნენ შექმნილ ვითარებას.

თუმცა, დევნილების გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ჯერ კიდევ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ გააკეთა პირველი კომენტარი:

„ამ დროისთვის იმ დევნილებს ვასახლებთ, რომლებიც კომპენსაციით დავაკმაყოფილეთ, ვისაც კომპენსაციები აღებული არ აქვთ, მათ ფართებს შევთავაზებთ. კომპენსცია პლუს ფართი. ეს არის ის, რასაც დევნილები სახელმწიფოსგან იღებენ“, – აღნიშნა სუბელიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის კომპენსაციაზე იყო საუბარი.

ხელისუფლების ბარბაროსობამ ოპოზიციას ერთიანობისკენ უბიძგა და თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა შეუერთდა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას.
„ხალხის პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, დევნილების გუშინდელმა დაწიოკებამ დევნილთა ნაწილში შიში გამოიწვია, მაგრამ ნაწილში საპროტესტო მუხტი გაზარდა.

„ჩვენ შესაძლოა, ბევრით ვერაფერს ვშველით დევნილებს, მაგრამ ერთ ადამიანზეც რომ იყოს საუბარი, აუცილებელია პროტესტი დავაფიქსიროთ იმის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაშიც ძალიან გვეხმარება ვიქტორ დოლიძე. ჩვენს გვერდით დგანან თინა ხიდაშელი, ლაშა ჩხარტიშვილი, კახა კუკავა და უამრავი ადამიანი. ეს არის ბრძოლა დევნილების უფლებებისთვის და ეს ფაქტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ სოლიდარობის განცდამ კიდევ ერთად შეკრა დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი. ყველაზე მთავარი კი ამ ბრძოლაში ისაა, რომ ჩვენ მას იმ კონდენციამდე მივიყვანთ, რომ მომავალში დევნილებმა თავად შეძლონ საკუთარი თავის დაცვა და ეს იქნება ჩვენი მთავარი გამარჯვება,“– პრესაგე.ტვ–თან საუბარში აღნიშნა ალექსანდრე შალამბერიძემ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს დევნილების გამოსახლება და ამაში სოლიდარობას მათ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც სოლიდარობას უცხადებს.

„ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ შეთქმულებას ახორციელებს. ხელისუფლებას შეცდომაში შეჰყავს ყველა, როცა აცხადებს, რომ ეს გამოსახლების პროცესი თვითონ დევნილებმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა იცოდნენ. ეს პროცესი ხდება სრულიად უკანონოდ და ის ფართები, რომლებიც ხელისუფლებამ გამოყო ფოცხოსა და ეწერში, არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს. ეს სოფლები ადმინისტრაციული ცენტრიდან 6 კილომეტითაა დაშორებული, რაც მოსახლეობას დიდ პრობლემებს შეუქმნის. აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს პროცესი და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს საკუთარი ხალხის დევნა,“ - განაცხადა ლორქიფანიძემ.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის გოგი ქავთარაძის თქმით, აუცილებელია, რომ აქციამ მიიღოს მასშტაბური სახე, რათა დევნილების გამოსახლების პროცესი შეწყდეს.

დევნილთა გამოსახლების ფაქტს შეფასება მისცა ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

”ხელისუფლებას აქვს აღებული ისეთი კურსი, რომ საერთოდ არ იმჩნევს პრობლემას. ცალკეული შეფასებები კი, როგორც ჩანს სააკაშვილს არ აღელვებს და თუ დევნილებთან მიმართებაში ხელისუფლებამ არ მოისურვა პოზიციის გადახედვა, სხვა მხრივ არაფერი არ შეიცვლება. ოპოზიციის მხრიდან აქტიურობა იმდენად არ არის თვალში საცემი, როგორც დევნილების, რომლებიც გარდა გამოსახლებისას პოლიციასთან ჩხუბისა, ორგანიზებულად პროტესტის გამოხატვას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივ არჩევნებშიც დევნილები იყვნენ ყველაზე ერთგული „ნაციონალური მოძრაობის“. ახლა კი, ორგანიზებულად შეკრებასაც კი ვერ ახერხებენ. რაც შეეხება დასავლეთს, ისინი იმას ხედავენ რის დანახვაც უნდათ, ამიტომ არა მგონია ამ კუთხით სააკაშვილს სანერვიულო ჰქონდეს“, - აღნიშნა საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას.

სუბელიანის უწყების „თავდადებას“ „ახალი მემარჯვენეებიც“ გამოეხმაურენ და მინისტრის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოითხოვეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პორესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მოთხოვნა განპირობებული არ არის მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, არამედ იმ აგრესიული და არაადამიანური პოლიტიკით, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო დევნილების მიმართ ახორციელებს.

„დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების ძალადობრივი და არაჰუმანური პროცესი აშკარად აჩვენებს, რომ შექმნლი კრიზისული სიტუაცია კობა სუბელიანის მიერ მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია და იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე დროს, მინისტრის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ“, - განაცხადა მან.

როგორც კაციტაძემ აღნიშნა, „ახალი მემარჯვენეები“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აცხადებდნენ, რომ დევნილთა მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას აშკარად აკლია სახელმწიფოებრივი ხედვა და მათი მხრიდან კონკრეტული შეთავაზებებიც იყო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა დევნილთა ჩასახლებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დაცლის პირას მყოფ სოფლებში შესაბამისი კომპენსაციის შეთავაზებით და გამართული საოჯახო მეურნეობების უზრუნველყოფით. 

„ამ გზით მოხერხდებოდა დევნილთა თავისუფალი არჩევანის გათვალისწინებაც და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა სოფლის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ხელისუფლებამ ასეთ პოლიტიკას ამჯობინა, დევნილთა საჩვენებელი „გეტოების“ მოწყობა, რის უკანაც აშკარად ჩანს ე.წ. „მარცხენა“ ფულის დიდი ინტერესი და სრულიად გამართლებულია საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ დევნილთათვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარება ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკების ჯიბეებში „დაილექა“, - აღნიშნა კაციტაძემ.

„ახალი მემარჯვენეები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, დაუყოვნებლივ შეწყდეს დევნილთა რბევა–გამოსახლების პროცესი. სასწრაფოდ შეისწავლონ ინფორმაცია მიგრაციულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ და გაირკვეს, სად შეიძლება თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით დევნილთა განსახლება, მოიძიონ სათანადო სახსრები ამ ადგილებში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად და შესაბამისი მცირე მეურნეობის მოსაწყობად, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, საერთაშორისო საზოგადოების ფართო მონიტორინგის ქვეშ.