ცნობილი თურქი მომღერალი და კომპოზიტორი გულშენი საკუთარ ქვეყანაში რელიგიურ სკოლებზე ხუმრობის გამო გაასამართლეს.
თურქ მადონად მიჩნეული ვარსკვლავი, რომლის სრული სახელი გულშენ ჩოლაქოღლუა, გასული წლის ზაფხულში დააკავეს. ბრალის წარდგენის საფუძველი იმავე წლის აპრილში, მუსიკოსის კონცერტზე იმამ ჰატიფის რელიგიური სკოლების შესახებ გაკეთებული შენიშვნა გახდა; თავისი ბენდის ერთ-ერთი წევრის წარდგენისას, გულშენმა ხუმრობით თქვა, "იგი ადრე იმამ ჰატიფში სწავლობდა და მისი გარყვნილებაც იქიდან მოდისო".
აგვისტოში, მას შემდეგ, რაც მომღერლის ამ ხუმრობის ამსახველი ვიდეო სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა, სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილმა გულშენის დაპატიმრება მოითხოვა. მუსიკოსმა მოიბოდიშა კიდეც, მაგრამ იგი მაინც დააკავეს "საზოგადოებაში შუღლის გაღვივების" ბრალდებით.
სულ ახლახან კი, სტამბოლის სასამართლომ პოპვარსკვლავი დამნაშავედ ცნო. თუმცა, სხდომებზე მისი "თავაზიანი ქცევის" გამო, თავდაპირველად მისჯილი ერთწლიანი პატიმრობა პირობითი მსჯავრით შეიცვალა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გულშენს საკუთარ ქვეყანაში დაუპირისპირდნენ. მომღერალი "თამამი სასცენო ჩაცმულობისა" და ლგბტქ თემის მხარდაჭერის გამო წინათაც გამხდარა კონსერვატიული ჯგუფების თავდასხმის სამიზნე.
აი, ხელისუფლების მოწინააღმდეგეები კი, გულშენის დაკავებასა და თურქეთში მუსიკალური ფესტივალებისთვის შეზღუდვების დაწესებას მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ რელიგიური და კონსერვატიული ჯგუფებისთვის კოჭის გაგორებად მიიჩნევენ. მით უმეტეს, რომ პარტიის ლიდერი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თავადაც იმამ ჰატიფის სკოლაში სწავლობდა.
ერდოღანის თურქეთში კი ხელოვანების დევნის პრეცედენტი აქამდეც არსებულა. მაგალითისთვის, მემარცხენე ფოლკ ანსამბლი Gრუპ Yორუმ, რომელიც მტკიცე სამოქალაქო პოზიციებით და საპროტესტო აქციებში მონაწილეობითაც გამოირჩევა, კვლავ რჩება ხელისუფლების სამიზნედ. ჯგუფის კონცერტები წლების განმავლობაში იკრძალებოდა, მისი წევრები კი იდევნებიან. "დანაშაულებრივი ელემენტების" შემცველობის ბრალდებით ბენდის ჩანაწერები გაუნადგურებიათ, მსმენელი — დაუკავებიათ. გამუდმებული დარბევების, დაკავებებისა და დევნის გამო, ჯგუფის რამდენიმე წევრმა წლების წინ გაფიცვა და შიმშილი დაიწყო, რასაც 2020 წელს Gრუპ Yორუმ-ის ორი წევრის სიცოცხლე შეეწირა.