“სადაზღვევო აგენტი სააკაშვილი” და დაზღვეული მთავრობა

“სადაზღვევო აგენტი სააკაშვილი” და დაზღვეული მთავრობა

არსებული სადაზღვევო სისტემის წინააღმდეგ ცალკერძ პოლიტიკოსები ილაშქრებენ და ცალკერძ - ექპერტები. ყველა აღიარებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემებმა ძალიან იმძლავრა, თუმცა გადაწყვეტის გზების პოვნაზე თავს არავინ იწუხებს.

ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა, კახაბერ ძაგანიამ ხელისუფლება სადაზღვევო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მმართველი პარტიის დაფინანსების ფასად, პრივილეგირებული სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი აქვთ განსაზღვრული, სადაზღვევო გენოციდს ეწევიან.

“სადაზღვევო აგენტი სააკაშვილი სამედიცინო დაზღვევის უფლებას არ აძლევს 60 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებს მათი მხცოვანი ასაკის გამო”, - განაცხადა ძაგანიამ და აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტია საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს შეიტანს სადაზღვევო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსების დარად, მედიაციის სამსახურშიც აცხადებენ, რომ სადაზღვევო კომპანიების მიმართ საჩივრების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ზუსტ მაჩვენებელს სამსახური რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. დაზღვეულები ყველაზე მეტ პრეტენზიებს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სამედიცინო პროვაიდერებს შეზღუდვისა და პოლისში მედიკამენტების გაუთვალისწინებლობის გამო გამოთქვამენ.
ბენეფიციართა უმრავლესობას სამედიცინო პროვაიდერის არჩევა საკუთარი სურვილის შესაბამისად სურს, თუმცა სადაზღვევო კომპანია არჩევანს ზღუდავს და სამედიცინო დაწესებულებას დაზღვეულს თავად ურჩევს.

სადაზღვევო კომპანია “იმედი ელ”-ში აღიარებენ, რომ პროვაიდერებთან დაკავშირებით მომხმარებლის ნაწილს პრეტენზიები მართლაც აქვს. თუმცა, მათი თქმით, შეზღუდვები სამედიცინო კლინიკებთან დაკავშირებით მხოლოდ სოციალურ პროგრამებში ჩართულ დაზღვეულებზე ვრცელდება, ხოლო ნებაყოფლობით დაზღვეულებისთვის არჩევანი თავისუფალია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სოციალურ პროგრამების ფარგლებში საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი, ადმინისტრირება რთულია, ამიტომ სამედიცინო მომსახურების შესყიდვა კონკრეტულ კლინიკებთან ჯამურად ხდება.

თითქმის იგივე პოზიცია აქვთ სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგში”, სადაც აცხადებენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეებისთვის ყველა დეტალი მთავრობის დადგენილებითაა გაწერილი, ხოლო კორპორატიული დაზღვეულებისთვის არჩევნის თავისუფლებას ფასი განსაზღვრავს. კომპანიის განმარტებით, ხელშეკრულებები წამყვან კლინიკებთან აქვთ გაფორმებული და ყველა დაზღვეული მაღალი ხარისხის მომსახურებას იღებს.

როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულები სახელმწიფოსგან მედიკამენტების ანაზღაურებასაც ითხოვენ. მედიკამენტების სიძვირის გამო, ისინი მკურნალობას მაინც ვერ ახერხებენ, მთავრობა კი ამ მიმართულებით თანხებს ზოგავს და უმწეოებისთვის მედიკამენტების დაფინანსების საკითხს თავი არიდებს.

ექსპერტის, ლევან კალანდაძის განცხადებით, პოლისში მედიკამენტების გაუთვალისწინებლობა პროგრამას არასრულყოფილს ხდის. მისი აზრით, ვინაიდან ეს პროგრამა გათვლილია უმწეოებზე სახელმწიფოს რაღაცა დოზით მედიკამენტების საკითხიც უნდა გადაეწყვიტა, თუმცა ამ საკითხში ხელისუფლებამ ეკონომიის გაწევა და ხარჯის დაზოგვა ამჯობინა.

“მედიკამენტები მკურნალობის შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად, მედიკამენტების გარეშე სამედიცინო დაზღვევა არასრულყოფილია. ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები უნდა იყოს. ეს პროგრამა, სპეციალურად უმწეოებზეა გათვლილი. ბუნებრივია, ამ ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება არ შეუძლიათ, არც წამლების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. ამიტომ, პოლისი არასრულყოფილი ხდება”, - ამბობს კალანდაძე.