ნინო ბურჯანაძე და ქართული პოლიტიკის ანა-ბანა

ნინო ბურჯანაძე და ქართული პოლიტიკის ანა-ბანა

საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კამპანიის მარათონის დაწყების წინ უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატი, რომელთაც გამარჯვების რეალური შანსი გააჩნიათ და მათ შორის უდავოდ არის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ საწინააღმდეგო პოლიტიკური ძალებიდან მის მიმართ უკვე გაისმის მძაფრი უარყოფითი განცხადებები, კომპრომატების შეკოწიწების მცდელობა, მის წარსულ ქმედებებში ისეთი ეპიზოდების გამოვლენა, რომლითაც შესაძლებელია ამ პოლიტიკოსის დისკრედიტირება და პოლიტიკური კაპიტალის შემცირება. აქედან გამომდინარე, წინა პლანზე იწევს მოსასმენად არცთუ სასიამოვნო ისტორიები პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ღამით სიცივეში საპროტესტოდ დამჯდარი ოპოზიციონერებისთვის ბურჯანაძის მიერ პლედების მიუწოდებლობისა და 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ოპოზიციის მიტინგისა და ტელევიზიის დარბევისას სახელისუფლო პოლიტიკის მხარდაჭერის შესახებ და ასე შემდეგ.

სამაგიეროდ, მიჩქმალულია იმავე 7 ნოემბერს ბურჯანაძის მიერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით პოლიციის მიერ დევნილი მომიტინგეებისთვის პარლამენტის კარების გაღება მათ შესაფარებლად, იმავე საღამოს მისივე დიდი ძალისხმევით ოპოზიციაზე გამწარებული შურისმაძიებელი ნაცების ხროვის დაშლა, სააკაშვილის ქვეყნის დამღუპველი საომარი ავანტიურიზმის უამრავჯერ შეჩერება, სახალხო ლაშქრის ”მონადირის” ყოვლად უპასუხისმგებლოდ განიარაღების მიზნით შეიარაღებული ძალებით კოდორის ხეობაში შეჭრისას ძმათა შორის კონფლიქტის ესკალციის თავიდან აცილებაში დიდი წვლილის შეტანა.

პოლიტიკური კარიერა, უპირველესად, არის საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზი. დიახ, ბურჯანაძე მიზანდასახულად იმყოფებოდა ნაციონალების გუნდში და მისი რაციონალური აზროვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიანაც არ ეპიტნავებოდა დამთხვეულ სააკაშვილთან ყოფნა და მის დანაშაულებრივ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის გაზიარება, მაგრამ მოთმინებით ელოდა იმ დროს, როცა სააკაშვილი ჩაამთავრებდა თავის ორ საპრეზიდენტო ვადას, რის შემდეგაც ყველანაირი ლოგიკით უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი. ნუ დავივიწყბთ, რომ ანალოგიურად წამოიჩიტა სააკაშვილი შევარდნაძის ხელში და როცა მოძლიერდა, თავის გამზრდელი ზურგში დარტყმით წააქცია და ასე მოიპოვა პირველობა. ქართველმა ხალხმა კი ამგვარი პიროვნება 97%-ით აირჩია. განა დანარჩენთათვის, ვინც მისი პოლიტიკური მხარდამჭერი იყო, ეს იქნებოდა დავითაშვილი, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ძიძიგური, კუკავა, ხაინდრავა თუ ყველა სხვა, ვინც აქტიურობს ამჟამინდელ პოლიტიკურ სარბიელზეც, უცნობი იყო, თუ რა დაულაგებელი ფსიქიკის მატარებელი იყო სააკაშვილი, რომლის ყველაზე ზუსტი შეფასება გააკეთა ჯერ კიდევ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის აღმასვლის წინ იმ დროისთვის კარგად ნაცნობმა პოლიტიკურმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა თემურ მირიანაშვილმა, როცა მას პირდაპირ საჯაროდ მიახალა - ყველამ იცის, რომ თქვენ ცნობილი ნომრიანი გიჟი ხართო. ტელევიზიით ამ სიუჟეტის ნახვისას ყველანი გულიანად ვიცინოდით და შინაგანად ამ სიტყვების მოსმენის გამო პროტესტის გრძნობა უმრავლესობას არც გაგვჩენია, რადგან ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს სიმართლე იყო.  ჰო, და, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილი დღევანდელი სოლიდური პოლიტიკოსები იმ დროს შეგნებულად სააკაშვილის ერთგული თანამოაზრეები იყვნენ და დღეს ამის გამო სირცხვილის გრძნობა დიდად არ აწუხებთ.

გახსოვთ, ალბათ, როცა ივანიშვილმა 2011 წლის 7 ოქტომბერს პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა, ერთ-ერთი პირველი კრიტიკული გამოსვლა მის წინააღმდეგ რესპუბლიკური პარტიის მძიმეწონოსანის ლევან ბერძენიშვილისა იყო, დაახლოებით ამ შინაარსისა - გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ოლიგარქებს საქართველოში პოლიტიკური წარმატების შანსი არა აქვთ და ივანიშვილის მცდელობაც ფუჭი იქნებაო, მაგრამ, როცა ორიოდე დღეში ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები თავის მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებად გამოაცხადა, ბერძენიშვილს ეს სიტყვები უეცრად შარშანდელი თოვლივით დაავიწყდა და თავის პოლიტიკურ ჩანგს ივანიშვილის დითირამბების მღერა დააწყებინა. უბრალო, პატიოსან ადამიანს, დამეთანხმებით, რომ შერცხვებოდა ამგვარ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნისა და ბოდიშს მაინც მოიხდიდა, მაგრამ ბერძენიშვილს ამის გამო შუბლის ძარღვიც არ შეტოკებია, რადგან პოლიტიკოსია და პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებდა.

მეოცნებეთა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსი კი არის, მაგრამ დიოგენესავით ამაოებად რომ არ თვლის ცხოვრებას და ივანიშვილის მიმართ მაგნიტური ლტოლვით თავიდანვე რომ გამოირჩეოდა, ამის დამტკიცება სხვადასხვა დროს მის მიერ სრულიად საპირისპირო პოლიტიკური იდეების ფრქვევაში გამოიხატება. როდესაც ივანიშვილს ბრალს სდებდნენ აშკარად პრორუსულ ორინტაციაში, მაშინ როცა თავად ივანიშვილის პოზიცია ჯერ არ იყო ცნობილი, იმ დროს მარგველაშვილი მიიჩნევდა, რომ ივანიშვილი სწორედ იმიტომ არის მისთვის საინტერესო პოლიტიკოსი, რომ რუსეთის პროექტად მოიაზრება და ქვეყანას სწორედ ასეთი პოლიტიკოსი სჭირდებაო, ამის გამო არასწორი იქნება თუ მის მფლობელობაში არსებულ რუსული აქტივებს გაყიდოსო, მაგრამ, როცა ივანიშვილი აშკარად პროდასავლური იდეების მატარებელ პოლიტიკოსად მოგვევლინა, მარგველაშვილიც მსწრაფლ მხურვალე პროდასავლელად იქცა. არ მითხრათ, ახლა, ზედმეტი იქნება მარგველაშვილის მისამართით თუ ვიტყვი, რომ კარიერის სურვილი რას არ გააკეთებინებს და ათქმევინებს კაცს. ტყუილად კი არ წამოსცდა თავის შესახებ, რომ პლასტელინის კაცი ვარ და ისეთ ფორმას მივიღებ, როგორიც საჭიროა. ნამდვილად ასეა - ნებისმიერ ფორმასაც იღებს და საჭიროებისამებრ ფერსაც იცვლის. მართალიც არის  -პოლიტიკაში ბურთი და მოედანი ხომ პლასტენილებისა და კუდიანი სალამანდრებისაა.

უფრო შორს რომ წავიდეთ, ისეთი უძლიერესი პოლიტიკოსი, როგორიც იყო იოსებ სტალინი, წლების მანძილზე ლენინს, ტროცკის და სხვა მის თანამებრძოლებს იდეოლოგიურად და საქმიანობაშიც სრულ მხარდაჭერას უცხადებდა და როცა მომენტი იხელთა, მერე მათგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკური სტრატეგია აირჩია, ხოლო მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად ქცეულ ლენინის იმავე ძველ რევოლუციონერ თამამებრძოლებს ყველას ბოლო მოუღო და პირველობა ასე დაიმკვიდრა.

ასეთია პოლიტიკური კარიერის ანა-ბანა, მითუმეტეს, ისეთ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის არანაირი გამოცდილება არ არსებობს. საქართველო კი სწორედ ასეთი ქვეყანაა, თანაც ეთნოფსიქოლოგიურად პირველობისთვის ერთმანეთის მიმართ დაუნდობელი დამოკიდებულებით ცნობილი და როცა ეს აშკარა რეალობაა, მიკვირს იმ ხალხის, ვინც მაინც და მაინც ბურჯანაძეში ეძებს ფრთიან ანგელოზს.

ნინო ბურჯანაძემ კი, როცა დარწმუნდა რომ სააკაშვილი იყო გადამგდები და ის არ აპირებდა ხელისუფლების არანაირ ვადაში დათმობას, მაშინ არც ის 30-მილიონიანი აგარაკის დაკარგვა არაფრად ჩააგდო, არც პარლამენტის თავმჯდომარეობა, ანუ, თუ ისევ ნაციონალების მორჩილი იქნებოდა, ქვეყანაში გარანტირებულად მეორე პირად ყოფნა, და ყველა ამ პრივილეგიების უარყოფით დიდი პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაიწყო ბრძოლა სააკაშვილისა და მისი ქვეყნის დამღუპველი პოლიტიკის წინააღმდეგ.

ამიტომ, როცა რაღაც ცოდვებს ეძებენ პოლიტიკოსში და მხოლოდ ამით სურთ მისი შეფასება, ეს - სასაცილოა. უცოდველი და უშეცდომო სერიოზული პოლიტიკოსი არათუ საქართველოში, თვით მსოფლიოშიც კი ძნელად მოიპოვება. ყველას შეიძლება მოეძებნოს რაიმე ცოდვა, ზოგს აშკარა და ზოგს შენიღბული. მარტო ერთს გავიხსენებ, რომ იგივე ბუშების ოჯახი ბიზნესპარტნიორი იყო ბინ ლადენის გავლენიანი არაბული ოჯახისა, რომელიც ამერიკის პირველ მტრად იქნა გამოცხადებული, მაგრამ რატომღაც ამერიკელებმა მამა-შვილი ბუშები ქვეყნის პრეზიდენტებად აირჩიეს.

ასე რომ, პოლიტიკოსის მხარდაჭერისას მთავარი ის უნდა იყოს, თუ რისი პოტენციალი გააჩნია მას, როგორც პოლიტიკოსს. შეესაბამება თუ არა მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა იმ დროის ქვეყნის ინტერესებს და რამდენად გამოცდილი და გავლენიანია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ივანიშვილის პოლიტიკური კაპიტალი ჯერ კიდევ იმდენად მაღალია, რომ მის მიერ მხრდაჭერილ პარტიასა თუ პოლიტიკურ ლიდერს გამარჯვების მოსაპოვებლად თავიდანვე ჰქონდა ისეთი დიდი ფორა, რომ სხვებს პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებისთვის განწირულს ხდიდა. მაგრამ იმის გამო, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან უახლოეს ხანებში წასვლა პრინციპულად გადაწყვეტილი აქვს, ეს ახალ პერსპექტივებს უხსნის არასაპარლემენტო პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რადგან იქმნება პოლიტიკური კონკურენციისთვის ხელსაყრელი გარემო, რისი გამოყენებაც უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც შეუძლია ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ პოლიტიკაშია და საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა თავის ფავორიტად.

მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა კიდევ უფრო ზრდის აღნიშნული არჩევნების ინტრიგას, რადგან ის შედარებით ახალი სახეა ქართულ პოლიტიკაში და არც ისე ცნობილ კოლორიტულ ფიგურას წარმოადგენს საზოგადოებისათვის, რომ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობაში უდავოდ დადებით განწყობას იმსახურებდეს.

დღევანდელ ვითარებაში კარგ პოლიტიკოსობას რამდენიმე აუცილებელი კომპონენტი მაინც სჭირდება: შესაბამისი განათლება, ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის ნიჭი, შინაგანი რწმენა პოლიტიკოსად ყოფნისა, ბრძოლის უნარი და იმ ელიტურ-ფინანსური წრის წევრობა, რომელიც ქმედუნარიანი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, რომელშიც გაერთიანდებიან იდენტური იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მქონე გონიერი ადამიანები. ერთ-ერთი კომპონენტი თუ აკლია პოლიტიკოსს, ის სრულყოფილ პოლიტიკურ ძალას ვერ შექმნის და მარგინალიზაციისთვის არის განწირული.

არსებული პოლიტიკური ლიდერების ფონზე ნინო ბურჯანაძე ყველა ზემოთ აღნიშნული კომპონენტის მფლობელია, ამიტომ, ეს ვინმეს სურს თუ არა, იგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს. რაც შეეხება შეცდომებს, დიახ, მას ისინი დაშვებული აქვს და ამის შესახებ თავადაც უსაუბრია, მაგრამ უშეცდომო სერიოზული პოლიტიკური ლიდერი, დღევანდელ საქართველოში არ მეგულება  თვით ივანიშვილით დაწყებული, არაფერს ვიტყვი უკვე 2005 წლიდან აშკარად დამნაშავე სააკაშვილის ხელისუფლებასთან 2011 წლის ოქტომბარმდე მის კოაბიტირებულ მდგომარეობაში ყოფნაზე და მხოლოდ  ”ქართული ოცნების” განუხორციელებელ ოცნებებად დარჩენილ დაპირებებს გავიხსნებ.

იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ ოცნების ხელისუფლების უკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და 10 მილიონი ლარის ღირებულების სასწავლო წიგნების უფასოდ დარიგება არის დიდი სოციალური გარდატეხის მომტანი, ან გლეხობისათვის მიწების დახვნაში დახმარება მოყვანილი მოსავლის რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის, ანუ სასოფლო პროდუქციის შენახვისა და გადამამუშავებელი წარმოების განვითარების გარეშე შეუძლებელია და ფუჭად გაღებული შრომაა, რომლის ერთი მაგალითი უკვე იყო ამ ზაფხულს, როცა ატმის მრავალ ათეულ ათასტონიანი მოსავლის უდიდესი ნაწილი მისი რეალიზაციის შეუძლებლობის გამო ხეებზე დალპა, ხოლო ამით გამწარებული გლეხობის ნაწილმა ამ ბაღების ჩეხვა დაიწყო, ისევე როგორც ადრე ვენახების ჩეხვაზე იყო გადასული კახელი გლეხი.

უკანასკნელი 20-წლიანი ეკონომიკური გენოციდის მქონე ქვეყანას, რომლის მოსახლეობის ნახევარი უმუშევრობის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, ძირეული და ამავე დროს სწრაფი სახელმწიფოებრივი (თვითმმართველობის, სასამართლოს) და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება სჭირდება, ისევე როგორც ეს გააააკეთეს თავის დროზე ომით დანგრეულ გერმანიაში, ფინეთში, იაპონიაში, შემდგომ სამხრეთ კორეაში, სინგაპურში, ტაივანში, ჩინეთში და ასე შემდეგ. ხელისუფლების დიდი ძალისხმევის გარეშე ამ ქვეყნებს დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. თვითდინებაზე მიშვებული ქვეყნები რომ ვითარდებოდნენ, მაშინ არ იქნებოდა მსოფლიოში კიდევ უამრავი  გაღატაკებული და ჩამორჩენილი ქვეყანა.

თუ ვინმე იტყვის, ყველაფერს ერთადროულად ნუ ვთხოვთ მთავრობასო, ეს მცდარი შეხედულებაა. გასული წლის ოქტომბრის შემდგომ, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან უკვე 9 თვეა გასული და არანაირი ორიენტირები რეალური, ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების განხორცილებისა არ ჩანს. ის ეკონომიკური ვარდნაც, რომელსაც ვერავინ უარყოფს, სწორედ ამ მთავრობის უსუსურობის შედეგია. არადა, ეკონომიკური ვარდნა კი არა, ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას წელიწადში მინიმუმი 10%-იანი ეკონომიკური ზრდა უნდა გააჩნდეს, რომ უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა გამოჩნდეს. ასე რომ, 60 ქარხნის მშენებლობის ნატვრადქცეულ შეპირებასა და საფინანსო ფონდების წესდებების 9-თვიან წერას, ჯობს საქართველოში წარმოების განვითარებისთვის მასშტაბური პროექტების განხორცილებისათვის, რომლებიც ბიზნესწრეებს უამრავი გააჩნიათ, ბიუჯეტიდან და საბანკო სტრუქტურებიდან ფინანსური მხარდაჭერის დაწყება.

პოლიტიკურ პაექრობაში წარმატების მოსაპოვებლად მთავარი მაინც იმ მომწიფებული პოლიტიკური მომენტისათვის მზად ყოფნაა, რომელიც შეესაბამება პოლიტიკური ლიდერის იდეოლოგიურ მრწამსს, ანუ ხდება თანხვედრა პოლიტიკურ ვითარებასა და ამ ვითარებისთვის მოთხოვნად პოლიტიკურ ლიდერს შორის. იმედი მაქვს, რომ ამგვარი წარმატებული პერსპექტივის შანსი ბურჯანაძეს ნამდვილად გააჩნია, მითუმეტეს, მომწიფდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირების საკითხი და მის გადაწყვეტას ესაჭიროება სწორედ შესაბამისი გამოცდილებისა და მსოფლმხედველობის მქონე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან დიპლომატიური მოლაპარაკების წარმოება.

იმედია, ქართული საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის გაკოტრებული პოლიტიკური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ და ”ქართული ოცნების” მიერ საკმაოდ უსუსურად წარმოებული 9-თვიანი პოლიტიკის გაანალიზების საფუძველზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ იმ პოლიტიკურ ლიდერს მიანდობს პრეზიდენტის პოსტს, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევისათვის საჭირო კრიტერიუმებს. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ერთი პარტიის მიერ ხელისუფლების ყველა შტოს ნაციონალური კონტროლის მძიმე გამოცდილება უკვე გაგვაჩნია და თუ მართლა დემოკრატიული მრავალპარტიული მმართველობა გვსურს, მაშინ გარკვეული სახელისუფლო ბერკეტების სხვა პოლიტიკური პარტიის ხელში ქონით ხელისუფლების გაკონტროლების ბევრად უკეთესი გარემო იქმნება, რაც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია.