ზედმეტად პროვოკაციულია — იტალიურ ქალაქში ქალთევზას ქანდაკებამ აურზაური გამოიწვია

ზედმეტად პროვოკაციულია — იტალიურ ქალაქში ქალთევზას ქანდაკებამ აურზაური გამოიწვია

სამხრეთ იტალიაში, აპულიას რეგიონში, ერთ-ერთ მოედანზე ქალთევზას ახალი ქანდაკების დადგმამ ადგილობრივებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქანდაკება "ზედმეტად პროვოკაციულად" შეაფასეს, სოციალურ ქსელებში კი ის დაცინვის ობიექტიც გახდა.

ქანდაკება იტალიის ქალაქ მონოპოლის ერთ-ერთი ხელოვნების სკოლის სტუდენტებმა შექმნეს. მართალია, ჯერ ქანდაკება ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა ინტერნეტში მისი ფოტოები ვირუსულად გავრცელდა.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმეტესობამ კი ქალთევზას ქანდაკება გააკრიტიკა. "ქალთევზა სილიკონის მკერდითა და უზარმაზარი უკანალით აქამდე არასდროს მინახავს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არაფერი ვიცი", — ვკითხულობთ კომენტარებში. ზოგმა კი იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ქალთევზას ქანდაკება ბევრ ტურისტს მიიზიდავს.

ხელოვნების სკოლის დირექტორმა, ადოლფო მარჩიანომ განაცხადა, რომ ქანდაკების ნახვისას საზოგადოების მხრიდან ასეთ რეაქციას არ მოელოდა. "ქანდაკება ქალების უმრავლესობას წარმოადგენს, რომლებსაც სავსე ფორმების მქონე სხეული აქვთ. ტელევიზიასა და რეკლამებში ძალიან გამხდარი მოდელებს ხშირად ვხედავთ, მაგრამ ქალთევზას ქანდაკება იმ ქალებს ჰგავს, რომლებსაც ყოველდღიურობაში, განსაკუთრებით კი, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ვხვდებით. ცუდი იქნებოდა, ჩვენც რომ ძალიან გამხდარი ქალი წარმოგვედგინა", — განაცხადა ხელოვნების სკოლის დირექტორმა.

სოციალურ ქსელებში ქანდაკების შემქმნელი სტუდენტებიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ისინი ქებას არ იმსახურებენ. ხელოვნების სკოლის დირექტორის თქმით, სტუდენტებმა ქანდაკება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ქალებს მიუძღვნეს, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქალთევზას გარეგნობა.