ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ედ შირანის სასამართლო პროცესი გაიმართა. მომღერალს მარვინ გეის სიმღერის, Let’s Get It On-ის, პლაგიატში სდებენ ბრალს. ედ შირანმა სასამართლოში Thinking Out Loud-ის შექმნის პროცესზე ისაუბრა, შემდეგ კი გიტარაზე დაუკრა და იმღერა.
სასამართლო პროცესზე ედ შირანმა უარყო, რომ Thinking Out Loud-ის შექმნისას მასზე გავლენა მარვინ გეის 1973 წლის ჰიტმა, Let’s Get It On-მა იქონია. ედ შირანმა სიმღერის დაწერის პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ დროს ბრიტანეთში მეგობრებთან იმყოფებოდა. სიმღერის სათაური თავიდან I'm singing out now (მე ახლა ვმღერი) იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ედ შირანმა განაცხადა, რომ ინსპირაციას ცხოვრებისგან და ოჯახისგან ხშირად იღებს.
ამის შემდეგ ედ შირანმა გიტარაზე დაუკრა და სიმღერა დაიწყო. როგორც მომღერალმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, Thinking Out Loud-ის ინსპირაცია მისთვის ბებიისა და ბაბუის სიყვარულის ისტორია იყო და სიმღერის დაწერა ბაბუის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. ედ შირანმა ისიც დასძინა, რომ სიმღერებს ძალიან სწრაფად წერს და დღეში 9 სიმღერის ტექსტის კი დაუწერია.
მარვინ გეის წარმომადგენლები ედ შირანისგან საავტორო უფლებების დარღვევის გამო კომპენსაციას ითხოვენ. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ედ შირანი ჩვენების მიცემას მომდევნო ორშაბათს განაახლებს.