"კლეოპატრა თეთრკანიანი იყო" — ეგვიპტეში ნეტფლიქსს ისტორიის გაყალბებაში ადანაშაულებენ

ნეტფლიქსის ახალი დოკუმენტური სერიალის ანონსს მაყურებლისგან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ოთხი სერიისგან შემდგარი დედოფალი კლეოპატრას პრემიერა სტრიმინგ პლატფორმაზე 10 მაისს იგეგმება, თუმცა, გავრცელებული ტრეილერით სერიალი უკვე გააკრიტიკეს.

დედოფალი კლეოპატრა ეგვიპტის ბერძენი დედოფლის ცხოვრებისა და მმართველობის შესახებ მოგვითხრობს. სერიალის პროდიუსერი Emmy-ის მფლობელი ჯეიდა პინკეტ სმიტია, მთავარ როლს კი ადელ ჯეიმსი ასრულებს. როგორც აღმოჩნდა, მაყურებელთა ნაწილი სწორედ ფერადკანიანი მსახიობის მიერ კლეოპატრას განსახიერების ფაქტმა აღაშფოთა. ამ რეაქციას კი ეგვიპტეშიც იზიარებენ.

ქვეყნის ანტიკური მემკვიდრეობის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც კლეოპატრას კანის ფერსა და გარეგნობაზე დარგის ექსპერტების მოსაზრებებიც დაურთო.

"დედოფალი კლეოპატრას ბარელიეფები და ქანდაკებები საუკეთესო მტკიცებულებაა", — წერია განცხადებაში, რომელსაც ილუსტრაციებიც ერთვის.

ეგვიპტის ანტიკური მემკვიდრეობის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი მუსტაფა ვაზირი ამბობს, რომ ცნობილი დედოფლის "შავკანიანად წარმოჩენა სხვა არაფერია, თუ არა ეგვიპტის ისტორიის გაყალბება".

ნეტფლიქსის მომავალ სერიალს კი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ ეგვიპტის სამთავრობო უწყებების, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის მხრიდანაც. ინტერნეტში პეტიციაც კი შეიქმნა, რომლის ავტორები დედოფალი კლეოპატრას შემქმნელებს "ისტორიის გადაწერაში" სდებენ ბრალს და სერიალის გამოსვლის გაუქმებას ითხოვენ.

კრიტიკის საპასუხოდ, პროდიუსერები ამბობენ, რომ დოკუმენტური სერიალის "ფოკუსში დედოფლის ეთნიკური კუთვნილება არაა".

"ჩვენ განზრახ წარმოვაჩინეთ იგი შერეული რასის მქონედ, რათა კლეოპატრას შესაძლო ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ თეორიებისა და ანტიკური ქვეყნის მულტიკულტურულობისთვის გაგვესვა ხაზი".

მაყურებელთა ნაწილის პროტესტს მთავარი როლის შემსრულებელი ადელ ჯეიმსიც გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ "თუკი სამსახიობო გუნდი არ მოგწონთ, სერიალს ნუ უყურებთ".

დედოფალი კლეოპატრა ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალების სერიის, აფრიკელი დედოფლების, ნაწილია.

სერიალის აღწერაში ვკითხულობთ, რომ კლეოპატრა მსოფლიოში "ყველაზე არასწორად აღქმული ქალია", რომლის "სილამაზემ და რომანტიკულმა ცხოვრებამ მისი მთავარი ნიშან-თვისება დაჩრდილა — ინტელექტი".

პროდიუსერი ჯეიდა პინკეტ სმიტი კი ამბობს, რომ "კლეოპატრაზე ბევრმა იცის, მაგრამ არა სიმართლე".

"მას მეტისმეტად სექსუალიზებულად და ანგარებიანად წარმოაჩენენ, მაგრამ კლეოპატრა ინტელექტით, სტრატეგიისა და მეთაურობის ნიჭით დაჯილდოებული მმართველი გახლდათ, რომელიც თავისი სამეფოს დასაცავად იბრძოდა. სერიალი მის ამბავს სიღრმისეულად მოგვითხრობს", — ამატებს ჯეიდა.

წინათ დედოფალი კლეოპატრას როლი ეკრანზე ისეთ მსახიობებს შეუსრულებიათ, როგორებიც ვივიენ ლი და ელიზაბეთ ტეილორი არიან.