ანიმაციის მოყვარულებისთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს — სემი, კლოვერი და ალექსი ახალი თავგადასავლებით ბრუნდებიან! Totally Spies-ის მე-7 სეზონი 2024 წელს Cartoon Network-ზე გამოვა.
ანიმაციური სერიალი სამ მეგობარ გოგოზე — ჭკვიან სემზე, მოდურ კლოვერსა და მორცხვ ალექსზე გვიყვება, რომლებიც სკოლაში სიარულის პარალელურად ჯაშუშები არიან და სახიფათო მისიებს ასრულებენ. ორიგინალური პერსონაჟებისა და 2000-იანების მოდის წყალობით, სერიალმა პოპულარულობა მალევე მოიპოვა და ფანები დღემდე ჰყავს.
Totally Spies 2001 წელს გამოვიდა და მე-6 სეზონით დასრულდა. სერიალის ბოლოს გოგოებმა სკოლა დაამთავრეს და კოლეჯში ჩააბარეს, თუმცა მე-7 სეზონში ისინი კვლავ სკოლაში ბრუნდებიან.
ახალი სეზონის შემქმნელების განცხადებით, სერიალში მოვლენები ახალ ქალაქში განვითარდება და ახალ ბოროტმოქმედებსაც ვიხილავთ. ამის მიუხედავად, უცვლელი იქნება გოგოების პერსონაჟები და ყველა ის დეტალი, რამაც Totally Spies თაობათა საყვარელ ანიმაციად აქცია.
ისღა დაგვრჩენია, 2024 წელს დაველოდოთ და ახალ ჯაშუშურ თავგადასავალში გადავეშვათ!