კახა კალაძე: ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში

კახა კალაძე: ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში

ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაკეთდა მკაფიო გზავნილები და განცხადებები იმ პროგრესსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატოს შტაბ-ბინაში. ჩვენ მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები და განცხადებები იმ პროგრესსა და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა მიიღეს, მაგრამ მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის შესასრულებლად და ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიმართულებით. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში“, - აცხადებს კალაძე.