უკვე რამდენიმე დეკადაა, რაც ბრაზილიაში მდებარე კანდიდუ-გოდოის მუნიციპალიტეტში უჩვეულო რაღაც ხდება — იქ ტყუპების შობადობის მაჩვენებელი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა რეგიონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კერძოდ, კვლევების მიხედვით, ამ ადგილას აღნიშნული მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს, რაც საგრძნობლად აღემატება მთლიანი რიუ-გრანდი-დუ-სულის შტატის მონაცემს, რომელიც 1.8%-ს უდრის. ასეთი ფენომენის გამო, საზოგადოებაში მრავალი მოსაზრება გაჩნდა. მაგალითად, ზოგი ამას წყალს, ზოგი კი უცნაურ მინერალებს მიაწერს.
ჟურნალისტი ჟორჟ კამარასა საკუთარ წიგნში კიდევ უფრო უჩვეულო და არასარწმუნო ახსნას გვთავაზობს და ამ მოვლენის მიზეზად ნაცისტურ გერმანიაში მომუშავე ექიმის, იოზეფ მენგელეს, იგივე "სიკვდილის ანგელოზის" საშინელ დანაშაულებს ასახელებს. ავტორის თქმით, მენგელე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ტყუპებზე ექსპერიმენტებს ატარებდა, მათ სხეულებს აკვირდებოდა, სისხლის ნიმუშებს იღებდა, მტკივნეულ პროცედურებს უტარებდა და ხოცავდა კიდეც.
ექიმი გერმანელ ოფიცრად ასაღებდა თავს და ამ ამპლუაში აშშ-ს ჩაბარდა, რომელმაც ის მანამდე გაათავისუფლა, სანამ გაიგებდა, რომ ომის ძებნილი დამნაშავე იყო. მენგელემ რამდენიმე წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ არგენტინაში, ასევე, პარაგვაიში, ბოლოს კი, 1979 წელს, ბრაზილიაში ყოფნისას დაიღუპა.
კამარასას თქმით, მენგელე კანდიდუ-გოდოიში 1960-იან წლებში ექიმად მუშაობდა და ტყუპებზე ექსპერიმენტებს იქაც ატარებდა, თუმცა ეს არანაირ ისტორიულ მტკიცებულებას არ ეფუძნება. ამ საკითხის კვლევისას სპეციალისტებმა გააანალიზეს ტყუპების შობადობის მაჩვენებელი იქ მენგელეს სავარაუდო ყოფნამდე, ყოფნის დროს და მერე.
დადასტურდა, რომ 1959-2008 წლებში ამ მუნიციპალიტეტში ტყუპების რაოდენობამ იმატა, თუმცა არა განსაკუთრებულად 1964–1968 წლებში, როცა კანდიდუ-გოდოიში, კამარასას აზრით, მენგელე იმყოფებოდა.
მეცნიერები მსგავსი ფენომენის პოტენციურ ახსნად ე.წ. დამაარსებლის ეფექტს გვთავაზობენ, რაც მცირე ოდენობის ადამიანების მიერ დაარსებულ ახალ პოპულაციაში გენეტიკური ვარიაციის ნაკლებობას ნიშნავს. კანდიდუ-გოდოის კოლონიზაციის ისტორია ამ ჰიპოთეზას მხარს უჭერს.
მკვლევართა თქმით, იქაურ მოსახლეობაში შემავალ ინდივიდებში ალელების ცვლილებამ მათზე ფენოტიპური გავლენა იქონია, კერძოდ შედეგად ტყუპების მომრავლება მივიღეთ. ამ მოსაზრებას ტყუპების დედების შემთხვევაში ნათესაური შეწყვილების უფრო მაღალი კოეფიციენტი მიუთითებს, ვიდრე სხვა დედებში.