მეცნიერებმა გაჭაღარავების სავარაუდო მიზეზს მიაგნეს — კვლევა

მეცნიერებმა გაჭაღარავების სავარაუდო მიზეზს მიაგნეს — კვლევა

მეცნიერთა მტკიცებით, მათ გაჭაღარავების მექანიზმს მიაგნეს: კვლევის თანახმად, ასაკის მატებასთან ერთად ღეროვანი უჯრედების უნარიც სუსტდება, რომ მომწიფდეს და თმის ფერი შეინარჩუნოს, ამას კი შედეგად გაჭაღარავება მოსდევს. შესაძლოა, მიგნებების წყალობით სამომავლოდ ისეთ მეთოდს მივაკვლიოთ, რომელიც ამის პრევენციაში დაგვეხმარება. ნაშრომი გამოცემა Nature-ში გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ ზოგიერთ ღეროვან უჯრედს, რომლებისგანაც სხვადასხვა ტიპის უჯრედი შეიძლება განვითარდეს, ფოლიკულებში ზრდის სხვადასხვა ნაწილში მონაცვლეობა შეუძლია. აღნიშნული უჯრედები ასაკის მატებასთან ერთად მოძრაობის უნარს გარგავს, რაც თმის გაჭაღარავებას იწვევს.

უფრო კონკრეტულად, კვლევის ფარგლებში მელანოციტური ღეროვანი უჯრედები, McSC-ები, შეისწავლეს. ისინი, გარდა თაგვებისა, ადამიანის კანშიც გვხვდება. ნაშრომის ავტორების აზრით, თუკი მათი მიგნებები ადამიანებზეც განზოგადდება, შესაძლოა, სამომავლოდ გაჭაღარავების პროცესის შებრუნება ანდა პრევენცია შევძლოთ.

თმის ფერი იმაზეა დამოკიდებული, იღებს თუ არა თმის ფოლიკულებში McSC-ები სიგნალებს, რომ მომწიფებულ უჯრედებად გადაიქცეს. სწორედ მომწიფებული უჯრედები ქმნის თმის ფერზე პასუხისმგებელ ცილა პიგმენტებს.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თმის ზრდისას, ჩვეულებრივ, უჯრედები ზრდის პროცესში მყოფი ფოლიკულის სხვადასხვა ნაწილს შორის მუდმივად მონაცვლეობს. სწორედ ამ სექციებს შიგნით იღებს McSC-ები სიგნალებს, რომლებიც მათ მომწიფებას განაპირობებს.

დადგინდა ისიც, რომ McSC-ების ზრდა-განვითარება — ყველაზე პრიმიტიული ფაზიდან მომწიფების შემდგომ ეტაპამდე — მათ ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

კვლევის თანახმად, როდესაც თმა "ბერდება", ცვივა, შემდეგ კი თავიდან იზრდება, თანდათან თმის ფოლიკულის ერთ-ერთ ნაწილში უფრო და უფრო მეტი McSC იჭედება და რჩება.

"შესაძლოა, სწორედ მელანოციტურ ღეროვან უჯრედებში ამ ქამელეონისებრი ფუნქციის დაკარგვა იწვევდეს გაჭაღარავებასა და თმის ფერის დაკარგვას", — აცხადებს კვლევის თანაავტორი მაიუმი იტო.

თუკი სამომავლოდ ისეთი მეთოდი შეიქმნება, რომელიც უჯრედებს მოძრაობის საშუალებას ხელახლა მისცემს, სავარაუდოდ, გაჭაღარავების პრევენციას ან შეჩერებასაც შევძლებთ.