დიმიტრი გვრიტიშვილი: აშშ-ის საელჩო ავანსცენაზე თავადაა გამოსული და დაუფარავად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ინტერესი იყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია

დიმიტრი გვრიტიშვილი: აშშ-ის საელჩო ავანსცენაზე თავადაა გამოსული და დაუფარავად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ინტერესი იყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია

აშშ-ის საელჩო ავანსცენაზე თავადაა გამოსული და დაუფარავად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ინტერესი იყო სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია მომხდარიყო, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„ამდენი წლის განმავლობაში ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანია მიდიოდა საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელსაც კულისებიდან საელჩო და აშშ-ის წარმომადგენლობა ხელმძღვანელობდა. ახლა მდგომარეობა ისე შეიცვალა უკვე, რომ ავანსცენაზე თავადაა გამოსული და დაუფარავად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ინტერესი ზუსტად ეს იყო, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია მომხდარიყო. შემდგომ რაღაც გაურკვეველი საგამოძიებო კომისიაც ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანიც რეალურად ხელისუფლების ფუძემდებლური პრინციპის ხელყოფა იქნება. მცდელობაა, რომ მოეწყოს მასკარადი, საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლება და მოსამართლეების დაბარებით რაღაც შოუს ელემენტები შეიტანონ ამ პროცესში“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.