ბოლო ორი წლის განმავლობაში სამართალდამცველმა სტრუქტურებმა მინიმუმ 4 ბრიფინგი გამართეს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, სადაც ისინი საუბრობდნენ და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ ამ საერთაშორისო სქემის მნიშვნელოვანი დანაშაულის წევრები გაშიფრეს, გამოიძიეს და არაერთ შემთხვევაში დააკავეს კიდეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ამ დღეებში რასაც ოპოზიცია და მათი არხები უყვებიან საზოგადოებას, არის სიცრუე. კერძოდ ის, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ „ბიბისის“ გამოძიების შემდეგ გაიგო ქოლცენტრების საქმე, არის სიცრუე და მიზანმიმართულად ხდება ამის გამეორება, რომ თითქოს მანამდე ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ ან მეტიც, მათი მფარველობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ეს არის სიცრუე, შემიძლია ფაქტებით გითხრათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მინიმუმ 4 ბრიფინგი გამართეს, სადაც ისინი საუბრობდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ამ საერთაშორისო სქემის მნიშვნელოვანი დანაშაულის წევრები გაშიფრეს, გამოიძიეს და არაერთ შემთხვევაში დააკავეს კიდეც. საქართველოს ამ დანაშაულთან ბრძოლაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. „ბი-ბი-სის“ გამოძიებაში პირდაპირ არის დადანაშაულებული კეზერაშვილი და მისი გარემოცვა და ის პასუხები, რაც მოვისმინეთ, ნამდვილად არადამაჯერებელია და შეიძლება მის წინააღმდეგაც იყოს გამოყენებული“,- განაცხადა თალაკვაძემ.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.