არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოში სამჯერ შემცირდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შტანილი საჩივრები, რადგან დღეს ისინი მეტად პოულობენ სამართალს საკუთარ სახელმწიფოსა და სასამართლოში

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოში სამჯერ შემცირდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შტანილი საჩივრები, რადგან დღეს ისინი მეტად პოულობენ სამართალს საკუთარ სახელმწიფოსა და სასამართლოში

სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი და შესაბამისად, ის რომ სახელისუფლებო გუნდი, უმრავლესობა იცავს სახელმწიფოს, საჯარო ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ ამით არის განპირობებული, რომ არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას საშუალება ძირი გამოუთხაროს სასამართლოს და მორიგი შეტევა განახორციელოს სასამართლოს იმიჯის დასაზიანებლად - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში სამჯერ შემცირდა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შტანილი საჩივრები, რადგან დღეს ისინი მეტად პოულობენ სამართალს საკუთარ სახელმწიფოსა და სასამართლოში.

„ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ უნდათ, რომ დააზიანონ სასამართლოს მიმართულება, რომელიც თავის მხრივ ევრორეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამაზე პირდაპირ არის მიბმული კანდიდატის სტატუსის მოცემის საკითხი. შესაბამისად, ისინი ცდილობენ კიდევ და კიდევ, რომ დაბლოკონ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის, მერე ეს დააბრალონ ხელისუფლებას და ამით გარკვეული დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მეორე - მათ სურთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ, სურთ რაღაც გავლენა დაიბრუნონ სასამართლოზე. გახსოვთ, მათი პირდაპირი პოლიტიკური მეგობრები და პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ და მართავდნენ სასამართლოს. როგორც კი ისინი ჩამოშორდნენ სასამართლოს ხელმძღვანელ რგოლს, მას შემდეგ რადიკალური ოპოზიცია არის „აღშფოთებული“ და უკმაყოფილო იმით, თუ როგორ დაკარგა სასამართლომ დამოუკიდებლობა და როგორ დაეპატრონენ თურმე, ბოროტი ადამიანები სასამართლოს. მესამე, რაც მათ სურთ, ეს არის შურისძიება სასამართლოსა და მოსამართლეებზე, რომლებმაც გაბედეს და გაასამართლეს მათი პოლიტიკური გუნდის ყოფილი ლიდერები, რომელთაც იცით, რომ ბრალი მიუძღვით უმძიმეს დანაშაულებში და ადამიანის უფლებების დარღვევაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.