დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთის ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრამდე დონეს დაუბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) ნავთობის შესახებ ყოველთვიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი მარტში 2020 წლის აპრილის შემდეგ უმაღლეს დონემდე გაიზარდა და დღეში 600 000 ბარელი შეადგინა, რამაც გასულ თვეში რუსეთის სავარაუდო შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 12.7 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
IEA-ისგანცხადებით, შემოსავალი წინა წელთან შედარებით 43%-ით არის შემცირებული, რადგან რუსეთი იძულებულია მიყიდოს თავისი ნავთობი მომხმარებელთა უფრო შეზღუდულ ჯგუფს.
დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთის ენერგეტიკის ექსპორტს მას შემდეგ, რაც პუტინმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში თავისი ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციებია ევროკავშირში საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ევროკავშირში ისეთი ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა, როგორიცაა დიზელი.
თუმცა, რუსეთმა იპოვა მყიდველები ჩინეთსა და ინდოეთში, რომლებიც მზად არიან, ჩაანაცვლონ ევროპელი მომხმარებლები.
მიუხედავად ამისა, სანქციებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა რუსეთის შემოსავლებს. გასულ კვირას რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებამ ხელი შეუწყო ბიუჯეტის დეფიციტს (29 მილიარდი დოლარი) მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში.