გახარებულები, ბედნიერი სახეებით გამოდიან ტელე-ეთერებში საზოგადოების წინაშე და ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მაშინ, როდესაც ისიც კი არ მოუთხოვიათ, გაეგოთ რა დგას ადამიანების დასანქცირების უკან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხს ითხოვდნენ, რატომ მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, პირიქით, გახარებულები, ბედნიერი სახეებით გამოდიან ტელე-ეთერებში საზოგადოების წინაშე და ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მაშინ, როდესაც ისიც კი არ მოუთხოვიათ, რომ გაეგოთ რა დგას ადამიანების დასანქცირების უკან. ეს კიდევე ერთხელ აჩვენებს თუ რა არის ამ ადამიანების რეალური სახე და მიზანი“,- აღნიშნა მიქანაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც მოსამართლეების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა იმავე საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.