მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ჩოგბურთში აშშ-ის მორიგი ღია პირველობა დაიწყება.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Times” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა რომ ამ პრესტიჟულ შეჯიბრში მავანი და მავანი ჩოგბურთელი დიაცი - „Sugarpova” იასპარეზებს. ამ გვარის სპორტსმენს დღემდე არცერთ ტურნირში არ უთამაშია. ამის მიუხედავად სპორტის ამ სახეობის სპეციალისტები მას ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილავენ.
გაგიკვირდებათ და „Sugarpova” იგივე მარია შარაპოვა ბრძანდება. ერთი კვირის წინ რუსმა მარიამ ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს გვარის სასწრაფოდ გამოცვლის თხოვნით მიმართა.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა შარაპოვას ამ უცნაური ნაბიჯის გადადგმის მიზეზის გამოკვლევა დაიწყეს და სიმართლეს მალე მიაგნეს.
აღმოჩნდა რომ შარაპოვა ტკბილეულის ფირმის მფლობელია, რომელიც სწორედ რომ ზემოთ რამდენჯერმე ნახსენები „Sugarpova”-ს დასახელებას ატარებს.
თავისი ბრენდის რეკლამის მიზნით, შარაპოვამ დროებით გვარის გამოცვლა გადაწყვიტა და აშშ-ის ღია პირველობაზე მსოფლიოს ახალი სახელ-გვარით მოევლინება.
ამ ისტორიაში ყველაზე სახალისო ის გახლავთ, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ მარია კვლავ თავის „ტრადიციულ“ გვარს დაუბრუნდება.