„ტექნიკური შეცდომები“ თუ...

„ტექნიკური შეცდომები“ თუ...

[ნატო გოგელია]

ერთ სოფელში ცხოვრობს ორი მარინა, ორივე გიორგის ასული ორივე ფერაძე... ეს ამბავი ალბათ ყველასთვის ნაცნობია. ის კი, რაზეც დღეს უნდა გიამბოთ ნაცნობი სიტუაციის უცნობ ფაქტებს ეხება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დოკუმენტაცია ხშირად იცვლება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ რომ „ტექნიკური შეცდომის“ გამო.

ამ ე.წ. „ტექნიკურ შეცდომას“ სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ოპოზიციონერი წევრი თემურ სალუქვაძე, რომელმაც ოზურგეთის პროკურატურაში უკვე შეიტანა სარჩელი და ზედ საკმაოდ „ხვავრიელი“ მტკიცებულებებიც დაურთო. საქმე ეხება ოზურგეთის რაიონული გამგეობის მიერ გამოცემულ  N181 დადგენილებას (23 მაისი 2005 წელი), რომელიც სალუქვაძეს ორ ცალად აქვს. ერთი სასამართლოდან არის ამოღებული, მეორე კი გამგეობიდან. ორივე დადგენილება ერთნაირია, „მცირეოდენი“ შესწორებით.

დადგენილება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემაზე 2005 წლის 20 მაისის აუქციონის შედეგების დამტკიცებას ეხება.  სასამართლოდან ამოღებული დადგენილებით (აუქციონის შედეგები შპს „ჭალასაყდარმა“ გაასაჩივრა და დადგენილება სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სასამართლოში სარჩელს დაურთო და შესაბამისად, ეს დადგენილება ოფიციალურად ითვლება. ამის შესახებ ჟურნალისტურ მოკვლევას ჩვენ უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.

მანამდე კი – ირკვევა, რომ აუქციონში 17-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო გამგეობიდან წამოღებული ოფიციალური დოკუმენტით დადგენილებაში აუქციონში მონაწილე 18 პირი ფიქსირდება. მეთვრამეტე ვინმე ლალი თავართქილაძეა, რომელსაც მიწა დაბა ურეკში აქვს შეძენილი.  ორივე დადგენილებას ხელს ოზურგეთის იმდროინდელი გამგებელი და დღევანდელი გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აწერს.

გუბერნატორი ახლა ამბობს, რომ ამ საქმესთან კავშირი არ აქვს და პირდაპირ არა, თუმცა ირიბად, ხელს იმდროინდელ კომისიის თავმჯომარისკენ, ვანო ტაბატაძისკენ იშვერს. ტაბატაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ ბურჯანაძის პარტიის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი იყო, პრესასთან კავშირზე არ გამოდის, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა.

წყაროს თქმით, არ არის გამორიცხული ბახმაროს მიწების მსგავსად, აქაც განტევების ვაცი „ლიფსიტა“ აღმოჩნდეს, ოღონდ იმ სხვაობით, რომ აქაურ „ლიფსიტას“ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი, ჩოხატაურელს კი ბახმაროს მიწებთან მართლაც არაფერი ჰქონდა საერთო.

არც ის არის გამორიცხული ეს საქმე საერთოდ მიფუჩეჩდეს, მითუმეტეს, რომ პროკურატურამ მის გამოძიებაზე უარი თქვა და ბურთიც და მოედანიც ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს გადაულოცა.

„როცა N181 დადგენილება გამოიცა, 2005 წელს მე აქ არ ვმუშაობდი. როგორც ვხდები საქმე ტექნიკურ შეცდომასთან გვაქვს. სავარაუდოდ ამობეჭვდის დროს არის შეცდომა დაშვებულია. ერთი ასლი დაიბეჭდა შეცდომით, მეორე გასწორდა და ორივე ვარიანტი ამობეჭდეს. როგორც ჩანს, ის გაატარეს და გაატანეს დაინტერესებულ პირს, რომელშიც შეცდომა იყო. მე როცა მუშოაბა დავიწყე ეს პროცესი დაწყებული არ იყო. არასდროს დამდგარა დღის წესრიგში აქ რაღაც აკლიაო. შემთხვევით აღმოაჩინეს რამდენადაც ვიცი“, – გვითხრა ოზურგეთის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა თეა ლომჯარიამ, რომელსაც ვალერი ჩიტაიშვილის კადრად მიიჩნევენ.

ლომჯარიას რამდენიმე მსგავსი „ტექნიკური შეცდომა“ უკვე აქვს დაშვებული (ციცინო ფუტკარაძის საქმეზე ჩვენ უკვე ვწერდით) და როგორც გავიგეთ მისი საქმიანობით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ.

საერთოდ, გამგეობის დოკუმენტების სიზუსტეზე, გამართულობას და სრულყოფილებაზე პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, გამგებელს ეკისრება, რამეთუ ყველა ამ დოკუმენტს (ბრძანება იქნება იგი თუ ხელშეკრულება) თავად აწერს ხელს და მისი სახელით ფორმდება.

შესაძლოა, მას ამ დოკუმენტების ტექსტის შედგენაში რომელიმე თანამშრომელი ეხმარებოდეს, მაგრამ ვიმეორებ, უშუალოდ დოკუმენტის ტესქტის, ასევე დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტების სისწორეზე, სრულყოფილებასა და გამართულობაზე, როგორც ასეთი, პასუხისმგებელი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელია.

სხვათა შორის, საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებასაც, რომ იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც დახმარებას უწევს გამგებელს ამ დოკუმენტების მომზადებაში, დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად.

როგორც წესი, კანონის ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის (მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში – გამგებლის) პასუხისმგებლობას.

„როცა გამგეობა ხშირად, მის დოკუმენტებში დაფიქსირებულ სხვადასხვა უზუსტობებს „ტექნიკური ხასიათის შეცდომად“ მიიჩნევს, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: რა თქმა უნდა, დოკუმენტის შედგენისას შეცდომისგან არავინაა დაცული, მაგრამ როდესაც ეს შეცდომები სისტემატურ ხასიათში გადადის, როდესაც ერთი და იმავე, ერთნაირი რეკვიზიტების მქონე გამგეობის ოფიციალური დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული ორი სხვადასხვა ასლის, როცა შინაარსებს შორის არსებითი განსხვავებაა და, თანაც, როდესაც ეს გადაწყვეტილება გამგეობის მხრიდან, მეტად მნიშვნელოვანი უძრავი ქონების განკარგვას უკავშირდება, ბუნებრივია, ამ დროს დაშვებული უზუსტობების არგუნტირებისას „ტექნიკური ხასიათის შეცდომაზე“ აპელირება, მსუბუქად რომ ვთქვათ, არასერიოზულია, უფრო მეტიც – უკანონოა.

ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას გამგებელი, როგორც გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი, ვალდებულია უფრო მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. არადა, გამგეობის ოფიციალურ დოკუმენტებში არაერთგზის დაფიქსირებული მსგავსი ტიპის  „ტექნიკური ხასიათის უზუსტობების“ სიხშირე, ძალაუნებურად, ბადებს  ეჭვს, რომ გამგეობა და გამგებელი რაღაცას ცუღლუტობენ და თუკი საქმეში კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებიც ჩაიჭვრიტებიან, „ჩიტი ბრდღვნად ღირს“, – თქვა ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტმა ირაკლი პაპავამ.