ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი ერთმანეთს დაშორდნენ

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი ერთმანეთს დაშორდნენ

6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ამერიკელი პოპვარსკვლავი და გასული დეკადის “საუკეთესო არტისტად” წოდებული მომღერალი ტეილორ სვიფტი და ბრიტანელი მსახიობი ჯო ალვინი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილის შესახებ ინფორმაცია The Eras Tour-ის დროსაც ვრცელდებოდა, რადგან ტეილორის მეგობარი მამაკაცი ბოლოდროინდელ შოუებს არ ესწრებოდა.

The Eras Tour-ის ტურის მომდევნო კონცერტი ფლორიდაში, Tamoa-შია დაგეგმილი, როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, ჯო არც მომდევნო შოუზე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ტეილორმა და ჯომ რომანტიკული ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს, 2018 წელს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ჯომ განაცხადა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს და ფანს სურდა გაეგოთ მათი ურთიერთობის დეტალები, თუმცა ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი ურთიერთობა მოკრძალებულად შეენარჩუნებინათ. ტაბლოიდების თქმით, შესაძლოა წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა, რაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ჯო ალვინი პუბლიკამ ასევე ტეილორის ალბომებიდანაც არაერთხელ გაიცნო, პოპვარსკვლავმა საყვარელ მამაკაცს არაერთი სიმღერა მიუძღვნა, განსაკუთრებით ალბომებიდან Folklore და Evermore.

ალბომის გამოსვლისთანავე ხალხის ყურადღება უცხო პიროვნებამ მიიპყრო, რომელსაც მომღერალი სიმღერების თანაავტორს უწოდებდა. ტეილორმა The Long Pond Studio Sessions-ების დროს დუმილი დაარღვია და საზოგადოებას საიდუმლო გაანდო. როგორც აღმოჩნდა, პიროვნება, რომელიც მსმენელისთვის William Bowery-ის სახელით იყო ცნობილი, სინამდვილეში მისი მეგობარი ბიჭი ჯო ალვინი იყო. ერთ-ერთი სიმღერის დაწერაში მონაწილეობა თავად ჯომაც კი მიიღო.

„ეს სიმღერა, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი იყო. ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუმცა სიმღერის თავდაპირველი იდეა ჩემს თანაავტორს William Bowery-ის (იგივე ჯო ალვინს) ეკუთვნის. მან მოიფიქრა მისამღერის მელოდია. როდესაც მისი შესრულება მოვისმინე, ძალიან მომეწონა და მივხვდი, რომ საოცარი ჟღერადობა ჰქონდა. ცხადია, მე არ მქონდა მამაკაცის ხმა, თუმცა შემეძლო მქონოდა მამაკაცის პერსპექტივა” – ტეილორ სვიფტი.