სამყარო სავსეა მტაცებლებით, რომლებიც ჩვენს შვილებზე ნადირობენ — Cardi B დალაი ლამაზე

სამყარო სავსეა მტაცებლებით, რომლებიც ჩვენს შვილებზე ნადირობენ — Cardi B დალაი ლამაზე

ცოტა ხნის წინ Cardi B ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც ვხედავთ, რომ დალაი ლამამ არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა. "სამყარო სავსეა მტაცებლებით, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებზე ნადირობენ, მათ შორის კი ჩვენი შვილები არიან. ეს მტაცებლები შეიძლება ჩვენი მეზობლები, სკოლის მასწავლებლები და ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ძალაუფლება, ფული და ეკლესიებიც კი აქვთ", — წერს Cardi B ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ დალაი ლამამ ბოდიში საჯაროდ მოიხადა იმ ინციდენტის გამო, რომელიც თებერვლის ბოლოს ინდოეთში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა. დალაი ლამამ არასრულწლოვან ბიჭს ტუჩებში აკოცა და შემდეგ სთხოვა, მისი "ენა მოეწოვა", რისი კადრებიც ინტერნეტში გავრცელდა და სოციალური ქსელების მომხმარებლებში დიდი ბრაზი გამოიწვია.

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დალაი ლამას ქმედებას "უადგილო", "ამაზრზენი" და "სკანდალური" უწოდეს. Cardi B-მ კი დალაი ლამას კრიტიკის შემდეგ მშობლებს მიუწოდა, რომ შვილებს ადამიანებთან ურთიერთობის საზღვრებზე უფრო მეტი ესაუბრონ.

"მუდმივად ესაუბრეთ თქვენ შვილებს საზღვრებზე, თუ რისი გაკეთების უფლება არ უნდა მისცენ სხვა ადამიანებს. ფრთხილად იყავით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეალურად თქვენს შვილებზე ნადირობენ. ეს სიგიჟეა", — განაცხადა მომღერალმა.

თებერვალში გამართულ ღონისძიებას დალაი ლამასთან ერთად 100 მოსწავლე ესწრებოდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ დალაი ლამას ჩახუტება სთხოვა. დალაი ლამამ არასრუწლოვან ბიჭს მიახლოების უფლება მისცა, შემდეგ კი ჩაეხუტა და ტუჩებში აკოცა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მართალია, ტაძარში დამსწრე ადამიანთა ნაწილი ინციდენტზე იცინოდა, თუმცა დალაი ლამას ქმედებამ უამრავი ადამიანი აღაშფოთა.

"დალაი ლამას სურს ბოდიში მოუხადოს ბიჭსა და მის ოჯახს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც მისმა ქმედებამ და სიტყვებმა ზიანი მიაყენა. მისი უწმინდესობა ხშირად ამხიარულებს და აცინებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხვდება, თუნდაც ეს კამერების წინ ხდებოდეს", — ვკითხულობთ დალაი ლამას წარმომადგენელთა განცხადებაში.