საქართველოს ეროვნული გუნდის 21 წლის კალათბურთელი თორნიკე შენგელია გასული წლის შემოდგომაზე აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობაზე მოასპარეზე „ბრუკლინის“ რიგებში ჩაირიცხა.
წინა სეზონში დიდი კონკურენციის გამო ახალგაზრდა ქართველს „ნეთსის“ შემადგენლობაში ასპარეზობა იშვიათად უწევდა.
ცოტა ხნის წინ „ბრუკლინი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა და მომავალ პირველობაზე NBA-ს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს.
ამ მდგომარეობაში ჩვენებურისთვის ამჟამინდელი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეიძლება ვერ გამოინახოს. ამ მიზეზის გამო „ბრუკლინის“ ხელმძღვანელობა შენგელიას ერთი წლით გასხვისებაზე ჩაფიქრდა.
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ თორნიკეს საკუთარ რიგებში ხილვა კლუბ „კახა ლაბორალს“ სურს. ეს ინფორმაცია რამდენად სიმართლეს შეეფერება ვერაფერს მოგახსენებთ. ალბათ ყველაფერი უახლოეს ერთ თვეში გადაწყდება.
„კახა ლაბორალი“ ესპანეთის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდია. მართალია 1959 წელს დაარსებულმა კლუბმა ძირითად წარმატებებს მხოლოდ 1995 წლის შემდეგ მიაღწია.
საინტერესოა რომ „კახა ლაბორალი“ ბასკურ ქალაქ ვიტორიას წარმოადგენს.
გუნდმა ევროლიგის ფინალში ორჯერ - 2001 და 2005 წლებში ითამაშა. ამის გარდა ევროლიგის „ოთხთა ფინალის“ მონაწილე კიდევ სამჯერ გახლდათ: 2006, 2007 და 2008 წლებში.
ბასკებმა 1996 წელს ევროპის თასი მოიპოვეს.
„კახა ლაბორალი“ ესპანეთის ჩემპიონი შემდეგ წლებში გახლდათ: 2002, 2008, 2010.