მეხანძრეობა ერთ-ერთ ყველაზე ძნელ და სახიფათო პროფესიად მიიჩნევა. "ყველა სიახლე" დაინტერესდა, თუ როგორია ქართველი მეხანძრეების სამუშაო პროცესი, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი და რას ურჩევენ მოქალაქეებს. ამ საკითხებზე მეხანძრეთა ოცეულის უფროსი ირაკლი დავითიძე გვესაუბრება:
- დღის განმავლობაში, საშუალოდ, 8-10 გამოძახებაა. სამწუხაროდ, უმნიშვნელო შემთხვევების დროსაც გვიძახებენ, როცა თავადაც შეუძლიათ ცეცხლის კერის ჩაქრობა. არის ცრუ გამოძახებებიც. ზოგჯერ განზრახ, ზოგჯერ თავადაც შემცდარან. ყოფილა შემთხვევა, როცა მეზობელ კორპუსში კვამლი დაუნახავთ და გამოვუძახებივართ, ბოლოს კი აღმოჩენილა, რომ იმ კორპუსში მწვადს წვავდნენ ან გუდრონს ასხამდნენ... ახლახან კი მხოლოდ იმიტომ გამოგვიძახეს, რომ ზედა სართულიდან ქვემოთ მდგომს რაღაც კონვერტი ჩამოუგდეს, რომელიც ხის ტოტებში გაეჩხირა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე, რა თქმა უნდა, დროულად მივიდა და ხანძრის ჩაქრობის ნაცვლად ხიდან კონვერტის ჩამოღება მოუწია. კონვერტში რაღაც თანხა აღმოჩნდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ხიდან ფულის ჩამოსაღებად გამოგვიძახეს. ჩვენი პროფესია ერთ-ერთი ურთულესი და სარისკოა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ცეცხლის ჩაქრობისას ცეცხლმოკიდებული კონსტრუქცია იშლება. ჩვენი რამდენიმე მეხანძრე მოყვა ჩამონგრეულ კონსტრუქციაში და დაშავდა. რაც შეეხება სამუშაო პროცესში შექმნილ სირთულეებს, ერთ-ერთი გზაზე გადაადგილებაა. სამწუხაროდ, მძღოლები სახანძრო მანქანებს გზას არ უთმო
ბენ, მაშინაც კი, როცა ფარები და სიგნალი ჩართული გვაქვს. იგივე პრობლემა აქვთ სასწრაფო დახმარების მანქანებს. მინდა ვთხოვო მძღოლებს, გაითვალისწინონ, რამდენად მნიშვნელოვანია ხანძრის დროს თითოეული წუთი და სახანძრო მანქანებს გზებზე დროულად გადაადგილების საშუალება მისცენ.
- ყველაზე ძლიერ ხანძრად რომელი გახსენდებათ?
- სავაჭრო სახლ "საბას" ხანძარი. ძალიან ძლიერი ცეცხლი იყო, მისი მალე ჩაქრობა გაგვიჭირდა.