კიმ კარდაშიანი American Horror Story-ის ახალ სეზონში მთავარ როლს ითამაშებს

კიმ კარდაშიანი American Horror Story-ის ახალ სეზონში მთავარ როლს ითამაშებს

ტელევარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი ახლა უკვე სერიალების ინდუსტრიის დასაპყრობად ემზადება. სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კარდაშიანს რაიან მერფის გახმაურებული საშინელებათა ჟანრის სერიალის, American Horror Story-ის, მე-12 სეზონში ვიხილავთ.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა სიახლე თავადვე აცნობა მილიონობით გამომწერს ინსტაგრამზე. კარდაშიანმა ასევე გაგვიზიარა მოკლე თიზერი, რომელიც სერიალში მისი მონაწილეობის შესახებ იტყობინება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კიმს AHS-ის ახალ სეზონში მთავარი როლი ექნება და პერსონაჟიც საგანგებოდ მისთვის შეიქმნა.

კარდაშიანთან ერთად, მერფის სერიალის ახალ სეზონშიც ვიხილავთ ემა რობერტსს. სეზონის სახელწოდება ამჯერად Delicate ("დახვეწილი") იქნება და ის დანიელ ვალენტინის ჯერ კიდევ გამოუცემელ წიგნს დაეფუძნება. ჰელი ფაიფერი კი, რომელსაც პროექტზე აქამდეც უმუშავია, სერიების სცენარის ავტორისა და შემქმნელის როლს მოირგებს. სეზონის პრემიერა ზაფხულში შედგება.

კიმ კარდაშიანს, მართალია, აქამდეც უთამაშია ფილმებში, თუმცა, წამყვანი როლი ჯერ არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ტელემაყურებლებში პოპულარობის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის — მეტიც, იგი თანამედროვე პოპკულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა. კიმის ოჯახის რეალითი შოუს, Keeping up with the Kardashians, 20 სეზონის განმავლობაში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. გადაცემა 14-წლიანი ისტორიის შემდეგ 2021 წელს დასრულდა, თუმცა, 2022 წელს ოჯახი ახალი რეალითი შოუთი — The Kardashians — დაბრუნდა Hulu-ზე. შოუს მესამე სეზონის პრემიერა 25 მაისს შედგება.