მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მიერ სასამართლო თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არასწორი ინიციატივა იყო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის რიგებში პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მასკარადების მოწყობითაა დაკავებული.
„დიდი ხანია, ჩვენი ოპოზიციის რიგებში პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი დაკავებულია პოლიტიკური მასკარადების მოწყობით. ისეთი ინიციატივა, როგორიც არის სასამართლო თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის არასწორი და იმ მიზნით გაკეთებული, რომ შექმნილიყო იმის იმიტაცია, რომ თითქოს ამ ადამიანებს რაღაც აწუხებთ და მუშაობა უნდათ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
46 დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს ჯერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას სთხოვდა, სადაც დღეს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა გუშინ საღამოს გადაიფიქრეს და პრეზიდენტს ამჯერად უკვე მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სესია დღეისთვის აღარ მოიწვიოს.
როგორც თავად განმარტეს, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა დეპუტატმა - ანა წითლიძემ და ლევან ხაბეიშვილმა ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს და შესაბამისად, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ხმები არ ჰყოფნის.