გარკვეული კომუნიკაციის პრობლემები იყო, რამაც გამოიწვია ის არასასიამოვნო ფაქტი, რაც ეხება რიგგარეშე სხდომის გადადებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და დელეგაცია ვიზიტით არიან პოლონეთში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება იქნება და ასევე იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები.
„გარკვეული კომუნიკაციის პრობლემები იყო, რამაც გამოიწვია ის არასასიამოვნო ფაქტი, რაც ეხება რიგგარეშე სხდომის გადადებას. კომისიის შექმნაზე პოზიციები შეთანხმებულია და კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. კომუნიკაციის პრობლემა იყო ყველას შორის პარტიაშიც, პოლიტიკურ ჯგუფებთან. აქ სამნიძე და კორძაია არაფერ შუაში არ არიან. მადლობა ეკუთვნით მათ იმ ნაბიჯისთვის, რაც გადადგეს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ოპოზიციამ პრეზიდენტს 10 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს, დღის პირველ ნახევარში მიმართა.
მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო პოლონეთიდან, რომელზეც მასთან ერთად არიან ანა წითლიძე, გიული ალასანია, გიორგი ჩალაძე და ევროპარლამენტის წევრი პოლონეთიდან ანა ფოტიგა.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კვლავ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდენტს მიმართეს, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დანიშნოს.