ჯონი დეპი საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის როლს ასრულებს მაივენ ლე ბესკოს ფილმში, რომლის ტრეილერიც ახლახან გამოვიდა. ფილმს Jeanne du Barry ჰქვია და ეს პირველი როლია, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჯონი დეპმა მიიღო.
Jeanne du Barry-ის გადაღებები ივლისში დაიწყო. ფილმში პარიზის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ვიხილავთ, მათ შორის ვერსალის სასახლესაც. ფილმის სიუჟეტი მუშათა კლასის წარმომადგენელ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც უფრო მაღალ სოციალურ წრეებში ცდილობს მოხვედრას.
როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, ქალი ვერსალის სასახლემდეც მიაღწევს და მას მეფე ლუი XV უყვარდება. ტრეილერიდან გამომდინარე, ფილმში ბევრი სხვა ინტრიგა და საინტერესო სიუჟეტებიც გველოდება. Jeanne du Barry-ის პრემიერა 16 მაისს შედგება.
შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი, რომელიც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში დაადანაშაულა, 2020 წელს გამოსულ ფილმ Minamata-ში მონაწილეობის შემდეგ როლზე არ დაუმტკიცებიათ. ამ როლზეც 2018 წელს დაამტკიცეს და გადაღებები 2019-ში მიმდინარეობდა. გარდა იმისა, რომ ამ სკანდალის შემდეგ ჯონი დეპს ახალი როლები არ მიუღია, Warner Bros-მა მისი კანდიდატურა Fantastic Beasts-დან დამტკიცების შემდეგ მოხსნა და მსახიობი მადს მიკელსენით ჩაანაცვლა.
ასე რომ, ჯონი დეპი ლუი XV-ის როლით სამსახიობო კარიერას დაუბრუნდა. გარდა ამისა, ჯონი დეპი რეჟისორობის 25-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ახალ ფილმზე მუშაობს. მაყურებელი მალე ახალ ფილმ Modigliani-ს იხილავს, რომელსაც ჯონი დეპის რეჟისორობით იღებენ, ხოლო პროდიუსერი ალ პაჩინო იქნება.